მილტონ ჰეიგი: 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ მე ახალი გამოწვევის მოძებნა, "ბორჯღალოსნებს" კი ახალი დამრიგებელი სჭირდებათ
14:19, 06.01.2018
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა საშობაო არდადეგები, შინ, ახალ ზელანდიაში გაატარა. აღნიშნული არ გამორჩენია ადგილობრივ პრესას და პოპულარულმა გამოცემამ “ნიუ ზილანდ ჰერალდმა” (New Zealand Herald) ბორჯღალოსნების დამრიგებელთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მილტონ ჰეიგი ინტერვიუში საქართველოზე, რაგბის პოპულარიზაციაზე, საკუთარ წარსულზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
“2015 წლის მსოფლიო თასი ჩემთვის განსაკუთრებული იყო. შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე მე ბიჭებს ვუთხარი, რომ თუკი ტურნირს პირველ ადგილზე დავასრულებდით, ჯგუფში მსოფლიოს საუკეთესო გუნდს შეხვდებოდით. ეს მათთვის უდიდესი მოტივაცია აღმოჩნდა და საბოლოო ჯამში მივაღწიეთ კიდეც დასახულ მიზანს. მატჩის შემდეგ იან სმიტს (ახალ ზელანდიელი კორესპონდენტი) ვუთხარი – ჩემთვის მნიშვნელოვანია მსოფლიომ დაინახოს, რომ ქართველები რაგბის კარგად ვთამაშობთ. იანმა მიპასუხა “თქვენ ეს სრულყოფილად მოახერხეთ”. შესანიშნავი მომენტი იყო.”
რა თქმა უნდა “ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა ჰაკაზეც ისაუბრა: “როგორც იცით მე ნაწილობრივ მაორი ვარ, შესაბამისად ეს საოცარი განცდა იყო. პიროვნულ დონეზე ვუკავშირდებოდი ჰაკას, თუმცა ვაცნობიერებდი, რომ მის საპირისპირო მხარეს ვიდექი. ძალზედ ემოციური წუთნახევარი გამოვიდა.”
მილტონ ჰეიგმა “ნიუ ზილანდ ჰერალდთან” საუბრისას თქვა, რომ 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ რაგბის პოპულარობამ საქართველოში ძალიან იმატა და მას უკვე ქუჩაში აჩერებდნენ და შედეგს ულოცავდნენ.
“ხალხი კარგად იცნობს თამაშის ფასეულობებს, პატივისცემას მოთამაშეთა შორის და მსაჯების მიმართ. დიდი კაცები მოედანზე გამარჯვებისათვის იბრძვიან , მაგრამ მოედნის გარეთ ისინი ერთმანეთს წყნარად ესაუბრებიან.”
ჰეიგი ნაკრების პირველი მწვრთნელია, რომელმაც საქართველოში ცხოვრება გადაწყვიტა. ის ფაქტი, რომ მილტონი საქართველოში ოჯახთან ერთად ჩამოვიდა მას ძალიან დაეხმარა. უცხოებს ადაპტაცია არ გასჭირვებიათ – 6 წელში ენაც ისწავლეს და ახლა უკვე კავკასიური ერის ცხოვრების ნაწილი არიან.
“მოლი (მილტონის ქალიშვილი) ქართულად გამართულად საუბრობს. როდესაც ის მორაგბეებს ელაპარაკება ისინი გაოცებულნი არიან, რომ მოლი ქართველი არაა.”
მილტონ ჰეიგმა განაცხადა, რომ როდესაც მისი სამწვრთნელო მოგზაურობა დასრულდება, იგი ახალ ზელანდიას დაუბრუნდება.
“რამდენჯერაც შინ ჩამოვდივარ ვაცნობიერებ თუ რამდენად ბედნიერები არიან ისინი ვინც აქ ცხოვრობენ. რა თქმა უნდა ქვეყანა იზოლირებულია, თუმცა ეს მას მშვენიერებას მატებს. ეს ჩვენი სახლია. ამ წლების მანძილზე ბევრ ქვეყანაში ვიყავი და ვფიქრობდი, რომ შინ ჩამოსვლისას იმედგაცრუებული დავრჩებოდი, თუმცა საპირისპირო მოხდა.”
ახალ ზელანდიელ მწვრთნელს საქართველოს რაგბის კავშირთან კიდევ ორ წლიანი ხელშეკრულება აკავშირებს – იგი გუნდის დამრიგებელი 2019 წლის მსოფლიო თასის ჩათვლით იქნება. ამის მიუხედავად შემოთავაზებები არ წყდება. იმ რამდენიმე დღეში, რომელიც ჰეიგმა ვანგანუიში გაატარა, მან შემოთავაზება იაპონიიდან და “ნორსჰემპტონ სეინთსისგან” (გუნდი ინგლისის პრემიერშიფში) მიიღო. თუმცა მილტონი საქართველოს ერთგულია და კონტრაქტის მიტოვებას არ ფიქრობს.
“უახლოესი ექვსი წელი ევროპაში დავრჩები. ძალიან ბევრი სამწვრთნელო სამსახურია და შემოთავაზებებიც არ წყდება.”
საქართველოში მუშაობა ჰეიგისთვის გამოწვევა იყო. მარტივი არაა იყო საერთაშორისო დონეზე შედარებით ახალბედა მწვრთნელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძალზედ ძლიერ გუნდებთან გიწევს თამაში. მას მუდმივად უნდა ჰქონოდა შედეგი, რომ სამსახური შეენარჩუნებინა.
“რეალობა ასეთია, რომ პირველი მსოფლიო თასის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ იმის კარგად გაკეთება რაც გვევალება, როგორც გუნდს, თუმცა ამ ოთხწლიანი ციკლის შემდეგ ვფიქრობ დროა წავიდე და ახალი გამოწვევა ვიპოვნო. ჩემი აზრით, მოთამაშეებსაც ახალი ხმა, ახალი დამრიგებელი და ახალი გამოწვევა დასჭირდებათ.”