Milliyet - ტერორიზმში მხილებულ გოჩა საგინაძეს ტრაპიზონში პატიმრობა მიუსაჯეს, მის მეუღლეს კი დეპორტაცია ემუქრება
თურქული გამოცემა Milliyet-ის ინფორმაციით, ტრაპიზონში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ 33 წლის გოჩა საგინაძეს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა, მის მეუღლეს კი დეპორტაცია ემუქრება.
გოჩა საგინაძეს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ედება ბრალი.
როგორც თურქული მედია იტყობინება, გოჩა საგინაძის ბინაში ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ამოიღეს ფოტომასალა, რომელიც მის ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირს ადასტურებს.
როგორც გამოცემა Milliyet, დაკავებულმა განაცხადა, რომ ათათურქის აეროპორტში 2016 წლის ივნისში განხორციელებული ტერაქტი აჰმედ ჩატაევის მიერ იყო დაგეგმილი. ამას გარდა, მან განაცხადა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩატაევთან ერთად ერთ ბინაში ცხოვრობდა.
შეგახსენებთ, დეკემბრის ბოლოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 26 დეკემბერს ტრაპიზონის პროვინციაში, ქალაქ ოფის მახლობლად, საქართველოს მოქალაქე გოჩა (ალი) საგინაძე აჰმედ ჩატაევის საქმის გამოძიების ფარგლებში სუს-ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს.