მილიტარიზაციის გლობალურ ინდექსში საქართველო მსოფლიოს 154 ქვეყანას შორის 49-ე ადგილს იკავებს. შესაბამის კვლევას ბონში ბაზირებული კონვერსიის საერთაშორისო ცენტრი (BICC) ყოველწლიურად აქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ წინა, 2018 წლის კვლევაში, საქართველო 52-ე პოზიციაზე იყო.
მილიტარიზაციის გლობალური ინდექსის მიხედვით, პირველ ადგილს კვლავ ისრაელი იკავებს. ცხრა მილიონიანი მოსახლების ქვეყანაში შეიარაღებული ძალები 169 ათას სამხედრო მოსამსახურეს ითვლის, ამას ემატება 465 ათასი რეზერვისტი. სამხედრო ხარჯები ისრაელის მშპ-ს 4,5%-ს შეადგენს.
სიაში ისრაელს მოსდევენ სინგაპური და სომხეთი. აღსანიშნავია, რომ სომხეთი ევროპაში ყველაზე მილიტარიზებული ქვეყნების სათავეშია. პირველ ხუთეულში ასევე შედიან კვიპროსი და სამხრეთ კორეა.
რეიტინგში მე-6 ადგილს რუსეთი იკავებს, შემდეგ საბერძნეთი, იორდანია, ბელარუსი და აზერბაიჯანი. პირველ ათეულში შემავალმა ყველა ქვეყანამ, აზერბაიჯანის გარდა, გასული წლის შემდეგ საკუთარი პოზიცია შეინარჩუნა. აზერბაიჯანი კი მე-12-დან მე-10 პოზიციაზე დაწინაურდა.
ანგარიშის ავტორები ვრცლად წერენ რუსეთზე, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყანაზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში რუსეთმა სამხედრო ტექნიკის მოდერნიზება განახორციელა და თავდაცვითი ტექნოლოგიური შესაძლებლობები გააუმჯობესა. თუმცა, კვლევის თანახმად, 2016-2018 წლებში რუსეთის სამხედრო ხარჯები 82,6 მილიარდი დოლარიდან 64,2 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი რუსეთში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობა და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებია.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ ბოლო პერიოდში ევროპაში ნატო-ს ქვეყნებმა, ძირითადად კი ბალტიისა და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა, გრძელვადიანი სამხედრო პროექტები დაიწყეს და სამხედრო ხარჯები გაზარდეს, რასაც კვლევის ავტორები რუსეთთან დაძაბულ ურთიერთობებსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს უკავშირებენ.
ერთი წლის განმავლობაში ლატვიისა და ლიეტუვის სამხედრო ხარჯები მშპ-ს 1,7%-დან 2%-მდე გაიზარდა. ამგვარად, ლიეტუვამ რეიტინგში 32-ე ადგილიდან 26-ზე გადაინაცვლა, ლატვიამ კი 73-დან 44-ზე.
2019 წელს 21%-ით გაიზარდა და 4,4 მილიარდი დოლარი შეადგინა უკრაინის სამხედრო ბიუჯეტმა. ევროპის მილიტარიზაციას ავტორები ნაწილობრივ ნატო-ზე დონალდ ტრამპის ზეწოლას უკავშირებენ, რომელიც ალიანსის წევრებისგან სამხედრო ხარჯების გაზრდას ითხოვს.
რეიტინგში აშშ 31-ე ადგილს იკავებს, 94-ე პოზიციაზეა ჩინეთი, თურქეთი კი მე-19 ადგილზეა.