მილიონი ყვავილი ბათუმისთვის - ბათუმში ერთწლიანი მცენარეების დარგვა დაიწყო
ბათუმის გამწვანების სამსახურმა დღეს ქალაქში ერთწლიანი მცენარეების დარგვა ქალაქის შესასვლელიდან დაიწყო.
„მალე ბათუმს მილიონი ყვავილი დაამშვენებს. სხვადასხვა უბანში გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე მოყვავილე ერთწლიანი ყვავილების დარგვა დაიწყო. დღეს ესტაკადის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზაგამყოფზე ყვავილების დარგვის სამუშაოები მიმდინარეობს.
ქალაქის სკვერებს, საყვავილე კლუმბებსა და წრიულებს ჯამში მილიონი 10-მდე სახეობის ერთწლოვანი ყვავილი შეემატება, რომელიც ახალსოფლის სანერგე სასათბურე მეურნეობაშია გამოყვანილი.
ხავერდა, სალვია,პეტუნია, მხვიარა პეტუნია ,ბეგონია, ცელოზია, ბალზამინი და ცინერარია – ეს იმ ყვავილების სახეობების ჩამონათვალია, რომლებიც ქალაქს გაალამაზებს”, – ამბობს გამწვანების სამსახურის უფროსი დავით დიასამიძე.
მისივე თქმით, ყვავილების დარგვის სამუშაოები ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ინფორმაციას ბათუმის გამწვანების სამსახური ავრცელებს.