მიკროავტობუსების მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერება კიდევ 12 ცენტრალურ ქუჩაზე იქნება სავალდებულო
მიკროავტობუსების მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელებთან გაჩერება კიდევ 12 ცენტრალურ ქუჩაზე იქნება სავალდებულო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, გზის ნებისმიერ მონაკვეთში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან მოქალაქეებს უბიძგებს, ქუჩა საფრთხის შემცველ მონაკვეთში გადაჭრან.
„მიკროავტობუსებს ჰქონდათ უფლება და შესაძლებლობა, სადაც მოესურვებოდათ, ყველგან გაეჩერებინათ. ყველანაირი თვალსაზრისით, ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. შესაბამისად, შარშან როდესაც დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა, შეირჩა 14 ცენტრალური ქუჩა. ეს იყო ერთგვარი საპილოტე პროექტი და მძღოლები დავავალდებულეთ, რომ მიკროავტობუსები მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე გაეჩერებინათ. ამ რეგულაციებმა და ცვლილებებმა რა თქმა უნდა, გაამართლა. შესაბამისად, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დამატებით 12 ცენტრალურ ქუჩაზე გავრცელდეს ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება ჩვენი მხრიდან.
ვიცით, რამდენად პრობლემურია, როდესაც ტრანსპორტის ყველგან გაჩერება ხდებოდა. გზის ნებისმიერ მონაკვეთში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერება მოქალაქეებს უბიძგებს, ქუჩა საფრთხის შემცველ მონაკვეთში გადაჭრან, რაც მათი უსაფრთხოებისთვის და მძღოლებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა და საცობები იყო. ეს ყველაფერი უნდა დავარეგულიროთ ეტაპობრივად“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რეგულაციები დაწესდა დამატებით 12 ცენტრალურ ქუჩაზე:
ქეთევან დედოფლის გამზირი
თამარ მეფის გამზირი
აკაკი წერეთლის გამზირი
დავით გურამიშვილის გამზირი
გრიგოლ რობაქიძის გამზირი
ნუცუბიძის ქუჩა
ცოტნე დადიანის ქუჩა
სულხან ცინცაძის ქუჩა
ვაჟა ჩაჩავას ქუჩა
პეტრე ქავთარაძის ქუჩა
აწყურის ქუჩა
ჯავახეთის ქუჩა