მიხეილ სარჯველაძე აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - პროგრამას უახლოეს დღეებში ხუთი ბენეფიციარი დაემატება
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. მინისტრი მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ აქონდროპლაზიის სამკურნალო პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო.
მიხეილ სარჯველაძემ მშობლებისგან მიიღო ინფორმაცია მკურნალობის პროცესში ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე, ასევე, საუბარი გაიმართა პროგრამის განხორციელების ცალკეულ ასპექტებზე და მის შემდგომ განვითარებაზე. მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ აქონდროპლაზიის სამკურნალო პროგრამა 2023 ნოემბერში ამოქმედდა და მასში პირველ ეტაპზე ექვსი ბენეფიციარი ჩაერთო. უახლოეს დღეებში პროგრამას კიდევ ხუთი ბენეფიციარი დაემატება.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.