მიხეილ ყაველაშვილმა თინა ბოკუჩავას მიმართა - რაც უნდა დავარცხნილად ისაუბრო და ბევრი ენა იცოდე, მაინც მეგის ქარდავას თანაპარტიელად დარჩები

პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ინტერპელაციისას უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატს, თინა ბოკუჩავას დაუპირისპირდა.

თინა ბოკუჩავა საუბრობდა იმის თაობაზე, რომ „ქვეყანა იცლება, მოქალაქეები საქართველოს გაჭირვების გამო ტოვებენ და მათ ხელისუფლება არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას შეგნებულად არ აძლევს“.

თინა ბოკუჩავას გამოსვლა მიხეილ ყაველაშვილმა გააპროტესტა და მას მიმართა: „მეგის ქარდავას თანაპარტიელი ხარ, რომელიც კაცებს აუპატიურებდა. რაც უნდა დავარცხნილად ისაუბრო და ბევრი ენა იცოდე, მეგის ქარდავას თანაპარტიელად დარჩები“.

ამასთან, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა მიხეილ ყაველაშვილსა და ოპოზიციონერ დეპუტატ თაკო ჩარკვიანს შორის. თაკო ჩარკვიანმა მიხეილ ყაველაშვილს „უზრდელი ფეხბურთელი“ უწოდა.

მიხეილ ყაველაშვილმა თაკო ჩარკვიანს მიმართა: „მე ვარ უზრდელი? – ვიყო უზრდელი. რაც „ნაცებმა“ გირგვლიანს გაუკეთეთ, ციხიდან მიშას გამოშვებას რომ ითხოვ, არ გრცხვენია? ბურთსაც ვურტყამდი და ამათაც. იმათ რომ ებრძოდი და ახლა მათთან ხარ, შენ მიმართ ეს პრეტენზია მაქვს. ვინც „ნაცებთან“ დგას, ის ქართველი არ არის“.

სიტყვიერი კამათი იყო ყაველაშვილსა და გიორგი ვაშაძეს შორის. უმრავლესობის წევრმა ოპოზიციონერ დეპუტატს მოღალატე უწოდა. ვაშაძემ ყაველაშვილის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მის პროვოკაციას არ წამოეგებოდა.