მიხეილ ყაველაშვილმა ხატია დეკანოიძეს მიმართა - შენმა კოლეგებმა საკუთარი სამხედროები ომის დაწყებაში დაადანაშაულეს, ამას ვერ გაექცევით, სიამოვნებით მოვაწერ ხელს საგამოძიებო კომისიის შექმნას
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტს განიხილავენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ყველა, ვინც კანონპროექტს მხარს დაუჭერს, სამშობლოს გამყიდველი იქნება.
ხატია დეკანოიძემ კანონპროექტის ავტორებს რიტორიკული კითხვით მიმართა.
„ინდივიდუალური პასუხისმგებლობა გულისხმობს, რომ, მათ შორის, ამ ადამიანებმა ვერ გამოიყენონ ის კეთილდღეობა, რომელსაც აძლევს დასავლეთი. ცივილიზებული სამყაროს აქეთ დგახართ ყველა. მათ შორის, ყველა მათგანი, რომლებიც მონაწილეობენ კონფერენციებში, დელეგაციებში, დადიან დასავლეთში, შოპინგობენ, თმას იჭრიან, ყველა ამ ადამიანის გადაადგილება დადგება საფრთხის წინაშე. ეს იქნება ამ ადამიანების ბოლო. მე მაქვს რიტორიკული კითხვა – მზად ხართ თუ არა ამისთვის, რომ, ჯერ ერთი, საქართველო საბოლოოდ ამ ცივილიზაციის აქეთ დააყენოთ და შემდეგ თქვენ საერთოდ შეგეზღუდოთ გადაადგილება?“
ამასთან, ხატია დეკანოიძემ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელს, მიხეილ ყაველაშვილს უწიგნური და სამშობლოს გამყიდველი უწოდა.
„მიშა, მაგალითად, მე წავიკითხავდი ორ წიგნს და მერე მოვიდოდი აქ. პარლამენტის წევრი რომ ხარ და განათლება, უმაღლესი განათლება არ გაქვს. ყველა, ვინც ამ კანონპროექტს დააჭერს თითს, სამშობლოს გამყიდველი იქნება. ამას არაფერი არ შეცვლის. მიშა, ძალიან უწიგნური ხარ, რომ იცოდე. გაუნათლებელი ხარ და არაფერი იცი ამ ქვეყანაზე საერთოდ, მხოლოდ ბიძინას მსახურება იცი. შენ ყიდი სამშობლოს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საპასუხოდ, მიხეილ ყაველაშვილმა ხატია დეკანოიძეს მიმართა, რომ ის წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომლის წევრებმაც ხელი მოაწერეს რეზოლუციას, სადაც საკუთარი სამხედროები ომის დაწყებაში დაადანაშაულეს.
„წიგნი რა შუაშია, სამშობლოს ღალატს წიგნი არ სჭირდება. შენ რაც გააკეთე უცხო ქვეყნის ტელევიზიაში, იმას წიგნი არ სჭირდება. იმას შინაგანი მრწამსი და სინდისი სჭირდება. შენ წარმოადგენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და შენ უკვე გაყიდე სამშობლო. შენ იჯექი უცხო ქვეყნის ტელევიზიაში. იჯდა და საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებდა რუსეთთან ურთიერთობაში. შენ ხარ იმ ძალის წარმომადგენელი, რომელმაც ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც საკუთარ სამხედროები ომის დაწყებაში დაადანაშაულეს. რა იცი შენ ჩემი განათლების შესახებ? შენ განათლება გგონია წიგნების წაკითხვა და მარტო ეგ არ არის. ამ რეზოლუციას შენმა კოლეგებმა ხელი რომ მოაწერეს, ვერ გაექცევით. ახლა ვაცხადებ, რომ დიდი სიამოვნებით მოვაწერ ხელს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომ გამოიძიოს და ბოლომდე დამთავრდეს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც გაყიდა სამშობლო“, – მიმართა მიხეილ ყაველაშვილმა ხატია დეკანოიძეს.