„ხალხის ძალის“ წარმომადგენლის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტების ინიცირებისას მათ განმარტეს, რა იყო მიზანი და საკომიტეტო განხილვის პროცესშიც, დასაბუთების დროს, არავის მოუსმენია შეფასება, რომ აღნიშნული კანონპროექტები რაიმე სახით ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს, ევროკავშირთან ურთიერთობას და ევროკავშირისკენ მისწრაფებას.
ამასთან, მისივე განცხადებით, პარლამენტის წევრისთვის თქმა, რომ არ გაბედოს კანონპროექტის განხილვა, ეწინააღმდეგება დემოკრატიას.
„ჩვენ თუ გვაქვს საუბარი დემოკრატიაზე, განვითარებულ სამყაროზე და გვინდა, რომ საქართველო ამ ოჯახის წევრი გახდეს (სხვათა შორის, ხაზგასასმელია საქართველოს გუშინდელი წარმოჩენა ბერლინში, სადაც, ვფიქრობ, ყველა ამაყი უნდა ყოფილიყო პრემიერის გამოსვლით და ჩვენი კულტურის ჩვენებით, თუ რას წარმოადგენს საქართველო, ეს არის ღირსეული წარმოჩენა შენი ქვეყნის, ამას ვგულისხმობდი ყოველთვის), როცა დემოკრატიაზე მესაუბრებიან, როცა პარლამენტის წევრს მესაუბრებიან, რომ არც გაბედო კანონპროექტის განხილვა, ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიასაც და იმ მისწრაფებებს, რაზეც ჩვენ ვართ მოტივირებული, რომ გავხდეთ ამ ღირსეული ოჯახის წევრი. მგონი, საზოგადოება ამას ადვილად იგებს. ეს პროცესი აუცილებლად გადაივლის, როგორც მანამდე გადაიარა ხელოვნურად შექმნილმა აჟიოტაჟმა. როდესაც საქმე საქმეზე მიდგა – დაამტკიცეთ, რატომ არის რუსული – ვერავინ ვერაფერი მოიტანა რუსულ კანონთან მსგავსება. პირდაპირ ერთი ერთში იყო გადმოტანილი ამერიკული კანონიდან, ვერავინ ვერაფერი დაამტკიცა, მაგრამ რადგან შეკვეთა არის, როგორმე ვნებათაღელვა გამოიწვიო, ახლა აქ დაასახელეს კლუბები, ზოგიერთი საზოგადო მოღვაწეც ამჩატდა და უკვე შეფასებებიც გააკეთეს ამაზე, რასაც ვლაპარაკობ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
კითხვაზე, – „ვინ ამჩატდა, „დინამო“, „გაგრა“, არველაძე ამჩატდა?“ – ყაველაშვილი პაუხობს: „სამწუხაროდ, სამწუხაროდ. აბა, ხომ ფაქტია, კანონი არ წაუკითხავს (არველაძეს) და რუსულიაო, რა შუაშია ევროპასთან ინტეგრაცია ამ კანონთან მიმართებაში?“
რაც შეეხება კითხვას, – „კანონპროექტს მოჰყვა სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის, საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის მხარდამჭერების, არასამთავრობო ორგანიზაციების, უბრალოდ, საზოგადოების წარმომადგენლების პროტესტი, არის სხვადასხვა მოწოდება, მათ შორის გვესმოდა სიტყვა „რევოლუცია“, როგორ შეაფასებთ ამას და რა რესურსს ხედავთ?“ – მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ „ეს არის ხელმოცარული პოლიტიკოსების და „მასთან მიტმასნილი ენჯეო სექტორის“ გაფართხალება, სადაც ეძებენ მიზეზებს, რომ რაღაც ვნებათაღელვა გამოიწვიონ საზოგადოებაში“.
„მაგალითად, შეეხონ და როგორმე მიიტანონ ეს ნეგატივი იმ ადამიანებამდე, ჩვენთვის ძვირფასი საზოგადოების წევრები რომ დაასახელეს, თითქოს კურსი შეცვალა საქართველოს ხელისუფლებამ, რუსულ კანონს იღებს საქართველოს ხელისუფლება, დროზე შევაჩეროთ, ევროპაზე უარს გვათქმევინებენ. როგორ შეიძლება, ახლა დავიჯერო, რომ კანონის არსი ვერ გაიგოს მზექალა შანიძემ, ჩემთვის ძვირფასმა ადამიანებმა, კანონი რომ წაიკითხონ და ვერ გამოიტანონ აზრი, რა არის მასში რუსული ან რა შეხებაშია. როცა ამაზე პასუხს ვეძებდი, რა თქმა უნდა, ჩემთვის საეჭვო ხდება, რომ ეს ადამიანები უკვე იმ „ფეიკის“ სივრცესა და გავლენაში არიან, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.