მიხეილ ყაველაშვილი - ყველა მოქალაქემ უნდა ვიცოდეთ, ესა თუ ის ორგანიზაცია საიდან ფინანსდება და რა მიზნები აქვს, ჩვენს კანონპროექტში აკრძალვაზე და ვინმეს შეზღუდვაზე საუბარი არ არის
საზოგადოებამ უნდა იცოდეს ნებისმიერი ორგანიზაციის, რომელიც ჩვენს სივრცეში მოქმედებს, დაფინანსების შესახებ, თუ საიდან ფინანსდება და რა მიზნები აქვს, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნებში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებაში მუსირებდა აზრი, რომ ყველა ორგანიზაცია, მით უმეტეს, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან სხვა ქვეყნის ძალების მიერ, უფრო გამჭვირვალე ყოფილიყო.
„არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი თავად სთხოვდა ყველას, გამჭვირვალე დეკლარაციები ჰქონოდათ, სადაც უზრუნველყოფილია, მაგალითად, პარლამენტარის, აღმასრულებელი ხელისუფლების თუ საჯარო მოხელის ფინანსები, საიდან ფინანსდება და რა ფინანსები აქვს. იყო რამდენიმე მიმართვა და მათი დაფინანსების გამჭვირვალობა დახურული იყო, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ეს ადამიანები გასცდნენ თავიანთ უფლებამოსილებას რიგ შემთხვევაში, დაიწყეს პოლიტიკური განცხადებები და ხელისუფლების გადაყენებაზე საუბარი. ჩვენ ავიღეთ ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელისა და ავსტრალიის პრაქტიკა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ნებისმიერი ორგანიზაცის დაფინანსების შესახებ, რომელიც ჩვენს სივრცეში მოქმდებს, საიდან ფინანსდება, რა მიზნები აქვს. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნებში. მაგალითისთვის, „აკერმან ჯგუფს“ ამერიკის საგადასახადო სისტემა ავალდებულებდა, გაემჟღავნებინა დაფინანსების წყარო. ანალოგიური შემთხვევები შეიძლება, საქართველოშიც არსებობდეს. გამჭვირვალობის პროცესია, რომ ყველა მოქალაქემ ვიცოდეთ, ესა თუ ის ორგანიზაცია საიდან ფინანსდება და რა მიზნები აქვს. აქ აკრძალვასა და ვინმეს შეზღუდვაზე საუბარი არ არის“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებმა დღეს განაცხადეს, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რითიც შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი.