მიხეილ ყაველაშვილი - ვულოცავ მთლიანად საქართველოს და განსაკუთრებით ბაკურიანელებს და გუდაურელებს უდიდეს გამარჯვებას
ვულოცავ მთლიანად საქართველოს და განსაკუთრებით ბაკურიანელებს და გუდაურელებს უდიდეს გამარჯვებას – ასე აფასებს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი თავისუფალი სტილით სრიალში – თხილამურსა და სნოუბორდში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებას. მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ განსაკუთრებით აღსანიშნავია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის წვლილი ამ შედეგის მიღწევაში.
„მთელ საქართველოს მინდა მივულოცო საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მიენიჭა 2023 წლის თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის პატივი. განსაკუთრებით აღსანიშნავია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის წვლილი და ძალისხმევა, ამ წარმატებული შედეგის მიღწევაში.
სათხილამურო სპორტს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩვენი სპორტის განვითარების სტრატეგიაში, რომელზე მუშაობის დაწყებაც უახლოეს მომავალში იგეგმება. სათხილამურო სპორტის განვითარება საქართველოში არა მარტო ამ დარგის წინ სვლაზე აისახება, არამედ მთლიანად ქვეყნის დემოგრაფიისთვის და ეკონომიკისთვის არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ის პირდაპირ პროპორციულად გამოიწვევს საქართველოში სამთო ტურიზმის ზრდას და დიდწილად ხელს შეუწყობს მთიან რეგიონში ჩვენი მოქალაქეების დასაქმებას, რაც დღეს საქართველოს ერთ-ერთი მტკივნეული პრობლემაა.
ჩვენი ქვეყნის გეოგრაფია იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს და ჩვენ ეს აუცილებლად უნდა შევძლოთ, ისევე როგორც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სათხილამურო სპორტი ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაც ავტომატურად გამოიწვევს სპორტის ამ სახეობებში მასობრიობის ზრდას.
კიდევ ერთხელ ვულოცავ მთლიანად საქართველოს და განსაკუთრებით ბაკურიანელებს და გუდაურელებს ამ უდიდეს გამარჯვებას“, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.