მიხეილ ყაველაშვილი - გუნდის შიგნით სრულიად ღია, დემოკრატიული პროცესი მიმდინარეობდა
მეგონა, პარტიების განვითარების პროცესი დაიწყებოდა, თუმცა გაწბილებული დავრჩი, ვიღებდით სურათს 2020 წლისთვის, რომ ისევ იგივე მოთამაშეები ვრჩებოდით, ოღონდ „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება, იმაზე მეტი დეპუტატით წარმოდგენილიყო პარლამენტში, ვიდრე დღეს არის, – ამის შესახებ დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, მას პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები და საუბრები პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან.
„სანამ უმრავლესობის სხდომაზე შევიდოდი, მაშინაც გავაკეთე განცხადება. გუშინაც მქონდა საუბრები პარტიის თავმჯდომარესთან, მქონდა კითხვები. თავიდან, როდესაც გადაწყვეტილება იყო მიღებული პროპორციულ არჩევნებზე გადასვლასთან დაკავშირებით, ჩემი მოტივაციაც იყო, რომ ეს იყო პოზიტიური ნაბიჯი იმ პარტიებისთვის, გარეთ მყოფი პარტიებისთვის და მთლიანად პოლიტიკური სივრცისთვის, მოხდებდა პარტიების გაძლიერება და პასუხისმგებლობის გადანაწილება ყველა მოთამაშე ორგანიზაციებისთვის. გულწრფელი დამოკიდებულება მქონდა, მეგონა, რომ პარტიების განვითარების პროცესი დაიწყებოდა, თუმცა გაწბილებული დავრჩი, ჯერ ერთი, შეფასებებით, რომ ჩვენ ძალით დაგვათმობინეს, შემდეგ დავინახე, რომ გარეთ მყოფი პარტიების რესურსი საკმაოდ მწირია და ისინი ძირითადად ბლოკებზე იყვნენ ორიენტირებული, რომელიც ამ გადაწყვეტილებით შეუძლებელი იქნებოდა. ვიღებდით სურათს 2020 წლისთვის, რომ ისევ იგივე მოთამაშეები ვრჩებოდით, ოღონდ ჩემთვის მიუღებელი „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება, იმაზე მეტი დეპუტატით წარმოდგენილიყო საკანონმდებლო ორგანოში, ვიდრე დღეს არის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
დეპუტატის თქმით, მისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია.
„ჩვენ პროპორციული არჩევნების დაანონსებასთან ერთად, დავაანონსეთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ დავასრულებდით ამ მავნებლურ ძალას და მე ამიტომ ვარ საკანონმდებლო ორგანოში, რომ პასუხისმგებელი ვიყო ქვეყნის წინაშე და ჩემი ამომრჩევლის წინაშე. რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი, ხან იმას აბრალებდით, რომ დეპუტატები ჰყავს დაშინებული, რასაც ეტყვის იმას გააკეთებენ და დარწმუნდით, რომ სრულიად ღია, დემოკრატიული პროცესი მიმდინარეობდა გუნდის შიგნით. თითოეულ დეპუტატს აქვს თავისი მოსაზრება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
როგრც მან აღნიშნა, პროპორციული სისტემის რისკებზე არაერთხელ იყო საუბარი.
„რისკები არაერთხელ ითქვა და მგონი, ყველას უნდა გვანაღვლებდეს. როგორ წარმოგიდგენიათ, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, როდესაც ერთ წელიწადში არჩევნები იქნება და მთავრობა ვერ შეძლებს შეკრებას, ვერ მოხდება კოალიციური მთავრობის შექმნა, ან ისეთი ძალები იქნებიან, რომლებიც რადიკალურად არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული, რა შეიძლება შეიცვალოს ამ ერთ წელიწადში განწყობებში, რომელიც ერთმანეთის მიმართ გვაქვს. ვერ წარმომიდგენია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად რამე კოალიციაში ყოფნა. ეს იყო ერთ-ერთი მიდგომა და მოტივაცია ჩვენი მხრიდან. როცა ისიც გავიგეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იმაზე მეტად შეიძლება იყოს წარმოდგენილი, გამოდის, რომ ვატყუებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც ორი დღის წინ სხდომათა დარბაზიდან ბოდიში მოვუხადე, რომ ვერ დავამთავრეთ ეს მავნებლური ძალა. დავინახე ეს რისკები. ჩემი დამოკიდებულება მაქვს. ამაზე ორი დღე უმრავლესობის სხდომაზე ვსვამდი კითხვებს და მკაფიო პასუხი ვერ მივიღე, რომ ამის შესაძლებლობა გამორიცხულიყო. მე დიდი ხანი ვიფიქრე და ჩემი გადაწყვეტილება აქედან არის გამომდინარე. მე ჩემს ამომრჩეველს, ჩემს ქვეყანას ვერ მოვატყუებ და ვიქნები პირნათელი“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში კენჭისყრაზე ჩავარდა. მიხეილ ყაველაშვილი იმ 37 დეპუტატს შორისაა, რომლებმაც კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.