მიხეილ ყაველაშვილი - შალვა ნათელაშვილთან შედარებით უპირატესობა მაქვს, რადგან „ქართული ოცნების“ წევრი ვარ და შეხედულებებს ყოველ წელს არ ვიცვლი
ნაძალადევის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის კანდიდატ შალვა ნათელაშვილთან შედარებით უპირატესობა აქვს.
ყაველაშვილის თქმით, კონკურენტ ნათელაშვილისგან განსხვავებით, შეხედულებებს ყოველ წელს არ იცვლის.
ამასთან, ყაველაშვილი ფიქრობს, რომ ნათელაშვილი არაადეკვატური განცხადებებით გამოირჩევა.
„უპირატესობა მაქვს, რადგან „ქართული ოცნების“ წევრი ვარ, ასევე უფრო ადეკვატური ვარ და ყოველ წელს შეხედულებებს არ ვიცვლი იქედან გამომდინარე, თუ ვინ არის ჩემ გარშემო. ეს ყველაფერზე პასუხია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კონკურენტი შალვა ნათელაშვილი დიდი ხანია, პოლიტიკაშია, საზოგადოებას თავი დაამახსოვრა იმით, რომ პოზიციებს ხშირად იცვლის და მის არაადეკვატურ გამონათქვამებზე საუბარი ზედმეტია.
შეჯიბრის თვალსაზრისით, როგორც სპორტსმენი ადამიანი, რაც თავი მახსოვს ყოველთვის გამარჯვებისკენ მივისწრაფვი და ამ თემას სპორტული ჟინიც რომ მივცე, ეს ახალი არ არის. ვეცდები, რომ მაქსიმალურ შედეგს მივაღწიო. შალვა ნათელაშვილი სპორტშიც და ყველგან არასტაბილური პერსონაა. კონკურენტი რომ არ ყოფილიყო, შეიძლება, ყველაფერი ხუმრობაში გადამეტანა, მაგრამ ამომრჩეველს პატივს ვცემ.
ამ ადამიანს რესურსი ჰქონდა, რომ კარგი პოლიტიკოსი ყოფილიყო, მაგრამ ის შეფასებები, რასაც აკეთებს, ჩემთვის მიუღებელია ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც. თუ დააკვირდებით, ოპოზიციაში მყოფი ადამიანები დიდი ხანია, პოლიტიკაში არიან და ზუსტად მათი იმიჯიდან არის წარმოქნილი, რომ ადამიანებს პოლიტიკის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვთ. გვინდა, რომ ეს იმიჯი შეიცვალოს და პრობლემებსა და გამოწვევებზე იყოს აქცენტირებული“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.