მიხეილ ყაველაშვილი - საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ არ მოვუხდი ბოდიშს მათ, ვის მიმართაც გამოვიყენე უცენზურო სიტყვები, სიტყვა მოღალატის მნიშვნელობა უნდა იცოდნენ და ფაქტებით ისაუბრონ
მიხეილ ყაველაშვილი - საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ არ მოვუხდი ბოდიშს მათ, ვის მიმართაც გამოვიყენე უცენზურო სიტყვები, სიტყვა მოღალატის მნიშვნელობა უნდა იცოდნენ და ფაქტებით ისაუბრონ

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიშს უხდის საზოგადოებას, თუმცა არა მათ, ვის მიმართაც უცენზურო სიტყვები გამოიყენა.

ყაველაშვილის თქმით, პოლიტიკოსია თუ სხვა, როცა სიტყვა მოღალატეს ახსენებს, უნდა დაფიქრდეს ამ სიტყვის მნიშვნელობაზე და ფაქტებით ისაუბროს.

მიხეილ ყაველაშვილის განმარტებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც საკუთარ სამხედროებს დააბრალა ომის დაწყება და ამის გამო არც ბოდიში მოუხდია საზოგადოებისთვის.

„ბოდიშის მოხდა ჩემთვის ნამდვილად არ არის მიუღებელი თემა, საზოგადოებას ნამდვილად ვუხდი ბოდიშს, შეიძლება, ჩემი უცენზურო სიტყვები გაიგონა, ამისთვის ნამდვილად ბოდიშს ვიხდი, მაგრამ იმ ადამიანებს, ვის მიმართაც გამოვიყენე უცენზურო სიტყვები, ნამდვილად არ მოვუხდი ბოდიშს. საქართველოში, და არა მარტო საქართველოში, ადამიანებმა უნდა იცოდნენ სიტყვა მოღალატის მნიშვნელობა. არის ქვეყნები, სადაც საკმაოდ დიდი სასჯელია, ხვრეტდნენ ხოლმე ადამიანებს მოღალატეობის გამო და უნდა დაფიქრდნენ. შემდეგ გამოასწორა და ვეღარ გაბედა ამ სიტყვის თქმა. ამიტომ ადამიანმა, პოლიტიკოსია თუ სხვა, ფაქტებით უნდა ისაუბროს. „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მე ფაქტებით ვსაუბრობ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩატარდეს პარლამენტში საკომისიო გამოძიება, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უღალატა სამშობლოს, ტერიტორიები ჩააბარა მტერს და შემდეგ მოაწერა ხელი რეზოლუციას, სადაც საკუთარ სამხედროებს დააბრალა ომის დაწყება, ამის შემდეგ 30 სტრატეგიული ობიექტი მიჰყიდა მტერს, რუსეთს და არანაირი სანქცია არ დაუწესებია. ეს ძალა გახლავთ, ამ ძალას არც ბოდიში მოუხდია ქართველი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერსა და „ხალხის ძალის“ წარმომადგენელს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი ვაშაძის განცხადების გაკეთებისას დარბაზში რეპლიკები ისმოდა. რეპლიკები კი მოჰყვა ვაშაძის განცხადებას, „რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტის მიღება არის სამშობლოს ღალატი“.