მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენგან წასული დეპუტატებისგანაც არ გამიგია პანდემიის დროს მთავრობისთვის მადლობის გადახდა, რაც სამწუხაროა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა სამთავრობო გუნდს, უწყებათშორის საბჭოს და მედპერსონალს მადლობა გადაუხადა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც წარმატებულად გაუმკლავდა პანდემიას.
„არ შეიძლება ეს არ აღვნიშნო, რომ ქვეყნებში, რომლებიც გაუმკლავდნენ პანდემიას, ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ვართ და ეს აუცილებლად აღსანიშნავი იყო. ამას ვერ ავუვლიდი გვერდს. განსხვავებით ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციისგან, რომლებმაც ვერა და ვერ გამოხატეს მადლიერების გრძნობა. ერთადერთი ელენე ხოშტარია იყო წინა სხდომაზე, ვინც გაბედა და მადლობა გადაუხადა მთავრობას. სხვა არც ერთი, სხვათა შორის, ჩვენგან წასული დეპუტატებისგანაც არ გამიგია მთავრობის მიმართ მადლობის გადახდა, სამწუხაროა ეს“, – განაცხადა ყევალშვილმა.
ამასთან, დეპუტატმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და პრემიერ-მინისტრს მიმართა კითხვით, რა კეთდება, რათა რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი ოქტომბრის არჩევნებზე.
„ოქტომბრის ბოლოს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოში. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, დესტრუქციული ძალისგან, ოპოზიციისგან მიეწოდათ დეზინფორმაცია. მნიშვნელოვანია, საკმაოდ წარმომადგენლობითი, სადამკვირვებლო ფართო მისიები იყვნენ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ამ არჩევნებზე, რადგან არ გვეპარება ეჭვი არჩევნებში გამარჯვებისა, თუმცა ადგილზე უნდა მოხდეს ამ არჩევნების უმაღლესი შეფასება. ჩვენ მზად ვართ, არჩევნები ჩატარდეს უმაღლეს დონეზე. ჩემი კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ როგორ კეთდება ორგანიზება ამ ეტაპისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი ოქტომბრის ბოლოს არჩევნებზე“, – განაცხადა მიხეილ ყველაშვილმა.