მიხეილ ყაველაშვილი - ოპოზიცია ჩვენს კანონს რუსულს უწოდებს, მათი მიზანია, ეს რამენაირად ხვალინდელ დღესთან დააკავშირონ, რომ ხალხი გააღიზიანონ და ახალგაზრდები გამოიყვანონ
ოპოზიცია ჩვენს კანონს რუსულს უწოდებს. მათი მიზანია, საზოგადოებას ყურში ხვდებოდეს, რომ ეს არის რუსული კანონი, რადგან ხვალ არის აქცია, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ორშაბათს საკომიტეტო მოსმენა დაიწყება და ყველას ექნება საშუალება, კანონპროექტებთან დაკავშირებით თავისი ხედვა წარმოადგინოს.
„მათი მიზანია, ეს კანონი რამენაირად ხვალინდელ დღესთან დააკავშირონ, რომ ხალხი გააღიზიანონ და ახალგაზრდები გამოიყვანონ – შეხედეთ, ხალხო, რუსულ კანონებს იღებენ, იმავე კანონს იღებენ, რასაც პუტინი და სამოქალაქო საზოგადოების განადგურება უნდათო. როგორ შეიძლება, დემოკრატიაზე, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობდეთ და პარლამენტის წევრს კანონპროექტის ინიცირების უფლებას არ მაძლევდნენ? ჩვენ მიმართ სტიგმატიზაცია ხდება. ესენი რომ ხელისუფლებაში იყვნენ, როგორც იუნკერები დახვრიტეს, ისე დაგვხვრეტდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციებს რაიმე დაუშალეს? გამჭვირვალობა დემოკრატიის ნაწილია და მოქალაქეებს უფლება არ აქვთ, მათი დაფინანსება იცოდნენ? ორშაბათს საკომიტეტო მოსმენა დაიწყება და ყველას ექნება საშუალება, განხილვაში ჩაერთოს და საკუთარი ხედვა შემოგვთავაზონ. განხილვაშიც არ უნდათ მონაწილეობა და დაგვისახელონ, რომელი პუნქტია რუსული? დღეს არ არის, მაგრამ ხვალ გახდებაო. ამ ადამიანებთან დეპოლარიზაცია როგორ უნდა მოვახდინოთ. ამხელა ზეწოლა გვაქვს, რომ დეპუტატებმა კანონპროექტის ინიცირება ვერ განვახორციელოთ. ჩვენს საზოგადოებას „ატენიან“, რომ ეს დემოკრატია არ არის. პირდაპირ ჩვენი დამუნათება და რუსულ ძალად წარმოჩენა ხდება.
ჩვენ დასაცავად გამოსული ვერცერთი უფლებადამცველი ვერ ვნახე. სახელწოდება აგენტი გადმოტანილია ამერიკული მოდელიდან. სწორი რას ნიშნავს? კონკურსი ხომ არ გამოვაცხადოთ სახელწოდებაზე, რადგან მათთვის პრობლემა სახელწოდებაა. რა შეიძლება, ასეთ ადამიანს ან ორგანიზაციას დავარქვათ? უცხოური გავლენის აგენტი და უცხოელი აგენტი სხვადასხვა ცნებაა. ჩვენ პირებზე არ ვსაუბრობთ, რაც ამერიკულ მოდელშია. ჩვენ საუბარი გვაქვს ორგანიზაციებზე, რომლებიც 20 პროცენტით ფინანსდებიან უცხო ქვეყნიდან. მათ ვავალდებულებთ, გამჭვირვალე ანგარიშვალდებულება ჰქონდეთ და ამ ყველაფრის შესახებ საზოგადოებამ იცოდეს. 260-მა ორგანიზაციამ იცის, თავისი კოლეგა ორგანიზაციები რას საქმიანობენ და რითი ფინანსდებიან, რა მიზნები აქვთ? მსჯელობა მხოლოდ ამერიკისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციებით რომ დაიწყეს, საქართველოში სხვადასხვა სახელმწიფოს ინტერესები იკვეთება და ერთი მიმართულებით რატომ საუბრობენ? სადმე ჩავწერეთ, რომ ამერიკიდან ან ევროკავშირიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს ეხებათ? მოქალაქეებს ინფორმაცია რომ ჰქონდეთ, ეს არის რუსული?“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.