მიხეილ ყაველაშვილი - ნებისმიერ დასავლელ პარტნიორს მოვუწოდებ, ასეთი თამაშები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასთან და კონსტიტუციურად არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან უნდა დავამთავროთ
ნებისმიერ დასავლელ პარტნიორს მოვუწოდებ, ასეთი თამაშები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასთან და კონსტიტუციურად არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან უნდა დავამთავროთ, შესაძლებელია, ეს ყველაფერი პირდაპირი დიალოგით მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
ამასთან, როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, პარლამენტის წევრების გუშინდელ წერილთან დაკავშირებით განსაკუთრებით ღიმილისმომგვრელი იყო ოპოზიციის წარმომადგენლების გამოხმაურება. მისივე თქმით, არც ერთი მათი წარმომადგენელი არ საუბრობდა ფაქტებზე.
„ჩვენი კონკრეტული კითხვები კელი დეგნანის მიმართ ისევ პასუხგაუცემელია. „ფორმულასთან“ მიცემულ ინტერვიუშიც გამოიკვეთა, რომ ამ კითხვებს გაურბის. წერილში კონკრეტული ფაქტებია მოყვანილი. ჩვენ გვინდა არა ვინმეს დისკრედიტაცია, არამედ სამართლიანი და ღირსეული პარტნიორობა. საშიშროება კიდევ არსებობს, რადგან უკრაინაში ომი მიმდინარეობს და ეს პროცესები ამასთან იყო დაკავშირებული. ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი, რომელიც ქილიკობს, შეურაცხყოფებს გვაყენებს და ასე შემდეგ, არ საუბრობს ფაქტებზე. მთლიანად განულებულია მათი რეიტინგი. ოპოზიციის რადიკალური ფრთისგან დღესაც ისმის მუდმივი მოწოდება გადატრიალებაზე, ხელისუფლების ჩამოგდებაზე, ისევ გადაერთნენ ბიძინა ივანიშვილზე. ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე დიდი ინვესტირება პოლიტიკაში განახორციელა, რათა ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი და სუვერენული იყოს. სწორედ იმას, რასაც თავად უპირისპირდება, ახლა ეს შემოუბრუნეს და მისი ოლიგარქად და არაფორმალურ მმართველად წარმოჩენა უნდათ.
ის, თუ რა არის ჩვენი მიზანი, ჩვენი პირველივე წერილიდან გამოიკვეთა. საქართველოს ომში ჩართვის საშიშროება დღესაც არსებობს. ფაქტებად არის დასახელებული, ვინ რას იძახდა, ვინ როგორ მოქმედებდა, ვის რა მოწოდებები ჰქონდა, ვინ ემიჯნებოდა და არ ემიჯნებოდა ამ პროცესს. ვნახეთ, ხელისუფლებამ, რომელმაც ამ თვალსაზრისით მყარი პოზიცია დაიკავა, როგორი ზეწოლა გაიარა. დავინახეთ, რომ ხელისუფლება ზეწოლას ვერ გაუძლებდა, თუ საზოგადოებას სიმართლე არ ეცოდინებოდა. საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე კი, ვერც ერთი ხელისუფლება ვერც ერთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ჩვენ ასევე ფაქტებით ვამყარებთ, რომ აშშ-ის საელჩოს პოზიციები ოპოზიციის რადიკალური ფრთისა და სამოქალაქო სექტორის პოზიციებს ემთხვეოდა. ჩამოაყალიბეს რაღაც უტოპიური მოთხოვნები, ხოლო ხელისუფლების გადასატრიალებლად პირდაპირ ამერიკელების გადასახადებით დაფინანსებული NGO სექტორი წამოვიდა. თქვენთვის შეიძლება, ეს ნორმალურია, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტურად გაურკვეველი და გამორიცხულია. მიკვირს, ამაზე ჟურნალისტებს აშშ-ის საელჩოს მიმართ კითხვა რომ არ გიჩნდებათ. საქართველოს მოსახლეობამ ეს სიმართლე არ უნდა იცოდეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის წევრებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა გუშინ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია: „შეკითხვების უპასუხოდ დატოვება ამყარებს რწმენას, რომ რადიკალური დღის წესრიგის უკან ამერიკის საელჩო დგას“.