მიხეილ ყაველაშვილი - „ნაციონალები“ ახალგაზრდებს თავისი მიზნების განსახორციელებლად იყენებენ, სამწუხაროდ, ეს ადამიანები ჩვენმა საზოგადოებამ ვერ მოიშორა
პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომის თაობაზე დაყენებული მოთხოვნა არასწორია.
როგორც ჟურნალისტებს მიხეილ ყაველაშვილმა განუცხადა, გუშინ, პოლიცია სიტუაციის მართვას ძალიან დიდი მოთმინებით და დაკვირვებით ცდილობდა.
„გუშინ, გიორგი გახარიასთან ერთად ვიყავი. მისი მითითება იყო, რომ დაცული ყოფილიყო ადამიანის უფლებები. შეუძლებელია, ადამიანს ის დააბრალო, რის წინააღმდეგაც მიმართულია ჩვენი ხელისუფლება. გამოწვევები შარშანაც იყო და ვიცით, პოლიცია როგორ იქცევა. პირიქით, ხშირ შემთხვევაში მათ შეურაცხყოფენ. რაც შეეხება გადაცდომებს, არ შეიძლება, ვინმემ ვინმეს ხელი დაადოს. მოკვლევა იქნება და თუ პოლიციის მხრიდან გადამეტება იყო, პასუხისმგებლობის დაკისრება მოხდება. ის, რომ ზეპირად ვისაუბროთ, ძალას ვინ გადაამეტა, შეუძლებელია“, – აცხადებს დეპუტატი.
მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასაც გამოეხმაურა.
„ის ადამიანები, ვინც ეს ხალხი გუშინ შეცდომაში შეიყვანა და ხელისუფლების დამხობა ძალადობრივად სურდა, არსად არ წასულა, ისევ იქ იმყოფებიან და დირექტივებს იძლევიან. იგივე გიგი უგულავა, სხვა „ნაციონალები“ არსად მიდიან, ახალგაზრდებს თავისი მიზნების განსახორციელებლად იყენებენ. სამწუხაროდ, ეს ადამიანები ჩვენმა საზოგადოებამ ვერ მოიშორა, არ გამოსწორდებიან და ასეთ ბოროტებას ისევ გეგმავენ. ახლა უნდათ, ეს ყველაფერი ახალგაზრდების საშუალებით დაგეგმონ. ვინც ახალგაზრდებს ძალადობისკენ მოუწოდებს, მათაც, ვინც ეცდება, რომ საზოგადოება და პოლიცია ერთმანეთს დააპირისპიროს პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.