მიხეილ ყაველაშვილი - ასრულდა ბევრი თბილისელის ოცნება, რომ იპოდრომზე პარკი აშენებულიყო, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მორიგი უპრეცედენტო გადაწყვეტილება
პარლამენტის სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის დედაქალაქისთვის უსასყიდლოდ გადაცემას, მორიგ უპრეცედენტო გადაწყვეტილებად აფასებს.
ყაველაშვილის თქმით, ასრულდა ბევრი თბილისელის და საზოგადოების წევრის ოცნება, რომ იპოდრომზე პარკი აშენებულიყო.
„მორიგი უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა „ქართუსგან“, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისგან. ასრულდა ბევრი თბილისელის და ჩვენი საზოგადოების წევრის ოცნება, რომ იპოდრომზე პარკი აშენებულიყო. მადლიერების გრძნობა მიჩნდება ყოველთვის და მე არ მეგულება, არა მარტო საქართველოში, არამედ დედამიწის ზურგზე ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, ვისაც სიკეთით და ბუნებრივად ადამიანური შეგრძნებით, კმაყოფილება არ გაუჩნდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა მოვისმინე ზოგიერთი ჩვენი ოპონენტის შეფასება. პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ეს არის ავადმყოფური გადახრა, თავი რომ დავანებოთ პოლიტიკურ შეხედულებებს, როდესაც საერთო სიკეთეზეა საუბარი, როდესაც ადამიანი ასეთ სიკეთეს განახორციელებს, თავისი კერძო ინვესტიციით გადასცემს სახელმწიფოს, დაახლოებით 200 მილიონზეა საუბარი, საერთო სიკეთე იქნება საზოგადოებისთვის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ დედაქალაქს უსასყიდლოდ გადასცეს ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, სადაც „ქართუს“ დახმარებით თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.