მიხეილ ყაველაშვილი - მიხეილ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და ახალი ლიდერი ნიკა მელია საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებენ
პარლამენტის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი, „ნციონალური მოძრაობა“ და ახლა უკვე მისი ახალი ლიდერი ნიკა მელია საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებენ.
„ისინი საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებენ, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი, ახლა, ახალი ლიდერი ნიკა მელია. თუ იმას ამბობს, რომ ახლა არ შეასრულებს, მანამდე ხომ შეასრულა? რა გამოდის, რომ კანონზე მაღლა უნდა დადგეს? რას ეუბნება თანამოქალაქეებს, მათ რა ქნან, ვინც ანალოგიურ მდგომარეობაშია? თავისი მომხრე იქნება, თუ სხვა, რომ მოუწოდებენ, კანონს არ დაემორჩილონ და არ შეასრულონ, ეს რა არის? ნიკა მელიას გონებაში რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ ამბობს, 2012 წლამდე ოპოზიციაში ვიყავიო და ისეთი დანაშაულების მერე, რაც ამ პარტიამ საკუთარი მოსახლეობის წინაშე ჩაიდინა, 2012 წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომ გახდება, აქ უკვე ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გვაქვს საქმე“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ დაუმორჩილებლობის აქციები დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი: „უნდა შევაგუოთ, რომ არ გადავიხდით ჯარიმებს, არ შევასრულებთ შეზღუდვებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
რაც შეეხება ნიკა მელიას საქმეს, მელიას განცხადებით, „სრული აბსურდია გირაოს გირაოთი დამძიმება და თანხას მეორედ თუ გადაიხდის, ხვალ მესამედ მოსთხოვენ, ბრძოლა და მორჩილება კი შეუთავსებელია“.
ნიკა მელიას განმარტებით, გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს და არც გადახდისთვის საჭირო სპეციალური საიდენტიფიკაციო კოდი მოუთხოვია. მელიას განცხადებით, საიდენტიფიკაციო კოდი მხოლოდ ბრალდებულზე და მის ადვოკატზე გაიცემა, თუმცა აღნიშნული კოდი არც ერთს აქვს. შესაბამისად, მელიას თქმით, თუ ვინმე მის მაგივრად გირაოს თანხას გადაიხდის, ეს პროკურატურის და ხელისუფლების მორიგი ბინძური მაქინაცია იქნება.