მიხეილ ყაველაშვილი - მე მინდა ღირსეული ევროპა, ჩვენი იდენტობით, კულტურით, სპორტით, არ მინდა ისეთი ევროპა, რომელიც მაძალებს უკანონობას
მინდა ღირსეული ევროპა, ჩვენი იდენტობით, კულტურით, სპორტით უნდა შევიდეთ ევროპაში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, მას არ უთქვამს, რომ ევროპა არ უნდა.
„27 ქვეყანა და კონგრესმენები, ელჩები მოგვიწოდებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი გავუშვათ სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში. დავარღვიოთ კანონი, კონსტიტუცია, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, თუ ეს ასე არ არის, შეგიძლიათ, თქვენ მიკარნახოთ, როგორ არის შესაძლებელი ამ დარღვევების გარეშე, მათი მოწოდებით ჩვენ გავუშვათ მიხეილ სააკაშვილი. თუ ეს ევროკავშირის მოწოდებაა – მე, თავისუფალ ადამიანს, პარლამენტის წევრს, მაქვს თუ არა უფლება, ამას შევეწინააღმდეგო და ვთქვა, რომ ეს არ არის ევროპა. ეს არ არის ევროპული ღირებულებები. ეს პირიქით არის. ვინც მე მომიწოდებს, რომ ადამიანის უფლებები დავარღვიო, კანონი დავარღვიო, კონსტიტუცია დავარღვიო, დიახაც, მე არ მინდა ასეთი ევროკავშირი. მე ვიცი, ევროპა რა არის. მე მინდა ევროკავშირი.
მე არ ვლაპარაკობ, რომ ევროპა არ მინდა მეთქი, თქვენ მოსმენა არ იცით. თუ მოსმენა არ იცით, ეს თქვენი პრობლემაა. უზრდელობაა, რასაც თქვენ აკეთებთ. მე არ მინდა ისეთი ევროპა, ვინც მაძალებს უკანონობას. აი, ეს არის ჩემი ნათქვამი და ჩემი ღირსება, ნუ მასწავლით და ნუ ატყუებთ მოსახლეობას, რომ ეგ ევროპაა. მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება ევროპაა? აქ რა არ მიწოდეს – მოღალატე, არ ვიცი რა. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, პარლამენტამდე მქონდა ჩემი ცხოვრება, მიცნობს ჩვენი საზოგადოება და მოქალაქეები. რაც გამიკეთებია და როგორც მიცხოვრია. შეიძლება, ისე ვერ ვითამაშე, რასაც ვაკეთებდი, მაგრამ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ არასდროს წავსულვარ. ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას, რომ, აი, ასეთი აღვირახსნილი შემოტევები, რომელიც ახლა დღეს ვნახეთ. „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია სპეციალურად აკეთებენ ამ ყველაფერს, ეს ხომ ყველამ ვიცით. აი, ასეთი სპეცოპერაცია არის ზუსტად მიშა სააკაშვილის შესახებ. წარმოუდგენელი რამე ხდება, თქვენ თვალწინ ნაცარს გაყრიან თვალებში და გეუბნებიან, რომ გაათავისუფლეთ ეს კაცი. რის საფუძველზე შეგიძლიათ, ვინმემ მითხრათ? ე.ი სახელმწიფო უნდა დაანგრიო, კონსტიტუცია უნდა დაანგრიო და ასე უნდა გაათავისუფლო. პასუხისმგებლობას იღებენ, რომ ამით ჩვენს ევროკავშირში შესვლას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, თუ არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი, ეს არის ევროკავშირი და ევროპა? ასეთი ევროპა მე არ მინდა-მეთქი, მე ამაზე ვსაუბრობ. მე მინდა ღირსეული ევროპა, ხალხი ღირსეულად უნდა შევიდეთ და ჩვენი ღირსებით, იდენტობით, კულტურით, სპორტით, ამით უნდა შევიდეთ. ჩვენით უნდა შევიდეთ, ისე კი არა, რომ კუბილიუსი გვკარნახობდეს, თუ ჩემს წესებს არ შეასრულებთ, ვერ გახდებით წევრიო“, – განაცხადა ყაველაშვილმა.