მიხეილ ყაველაშვილი - ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულება გუშინ გამოაჩინეს, მანამდე ოჯახი წუწუნებდა, სააკაშვილი უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს და ჰონორარი იქიდან აქვსო, საიდან აქვთ ამდენი ფული?
ოჯახი წუწუნებდა, სააკაშვილი უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს და ჰონორარი იქიდან აქვსო, ზღაპრებს გვიყვებოდნენ. ეს იმ დროინდელი ფულია, როცა ადამიანებს ქონებას ართმევდნენ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
ყაველაშვილი გამოეხმაურა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ფულს იხდიან არა სააკაშვილის დასახმარებლად, არამედ პიარკამპანიისთვის.
„მიმდინარეობს ერთიანი სპეცოპერაცია ლოზუნგით – სააკაშვილს კლავენ, აწამებენ. ეს იყო წინასწარ შედგენილი გეგმა, სააკაშვილი თვითდაზიანებებით იქამდე როგორ მიეყვანათ, რომ საერთაშორისო დონეზე გასულიყო და ამაზე საუბარი დაეწყოთ. ლობისტურ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება გუშინ გამოაჩინეს, თუმცა არა 15 000, არამედ მილიონამდეა თანხა. გვახსოვს, „დემოკრატიის შუქურა“ ხელისუფლებაში როგორ მოვიდა ასი დოლარით, როგორ ჰპირდებოდა ხალხს, რომ მისი მინისტრები ეკონომკლასით იფრენდნენ და ცარიელი ჯიბეებით მოსულები ცარიელი ჯიბეებით წავიდოდნენ. ნახეთ, როგორი ცარიელი ჯიბეებით წავიდნენ, მათ შორის მისი თავდაცვის მინისტრი ომის შემდეგ როგორ გახდა მილიარდელი და დღეს „ნაცმოძრაობას“ და „ფორმულას“ ფლობს. ოჯახი მანამდე წუწუნებდა, სააკაშვილი უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს და ჰონორარი იქიდან აქვსო, ზღაპრებს გვიყვებოდნენ. ეს იმ დროინდელი ფულია, როცა ადამიანებს ქონებას ართმევდნენ და ხან ვის ბიზნესს იფორმებდნენ და ხან ვისას. საიდან აქვთ ამდენი ფული? რის გამო იხდიან ფულს, განა იმის გამო, რომ სააკაშვილი მძიმედ არის და შველა უნდათ, არამედ იმიტომ, რომ პირდაპირი პიარკამპანია აქვთ. უკვე გამოჩნდა, ვის უკვეთავენ ამ სტატიებს. მარგველაშვილი გუშინ კითხვას გაექცა. დარწმუნებული ვარ, ისიც ეჭვმიტანილია, ამას იმიტომ აკეთებს, რომ ისიც შეხებაშია და ადვილად გასაშიფრია. ფულს იღებს თუ არა, ფაქტია, ყველა მონაწილეა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.