მიხეილ ყაველაშვილი - ჰქონდათ სცენარი, რომ შემოვარდნილიყვნენ, როგორც 2003 წელს და პარლამენტი დაემხოთ, აქ მოხდებოდა სისხლისღვრა
ეს იყო ძალადობრივი აქტი და პოლიტიკოსებმა, რომელთაც სურთ, ხელისუფლებაში იყვნენ, პირველ რიგში უნდა დაეგმოთ ძალადობრივი აქტი, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტზე ხორციელდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ის, რაც რუსთაველის გამზირზე ხდებოდა, ეს იყო სამსაათიანი შეტევა ინსტიტუტზე.
„სისხლისღვრას გადავრჩი. შეჭრა რომ მომხდარიყო? საღამოს პარლამენტის ეზოში განათება არ არის. მობილიზებული იყო დამხმარე ძალა პოლიციის, სპეცნაზის და როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანების ჯგუფს რომ მოეხერხებინა და შესულიყვნენ პარლამენტის ეზოში, რა მოხდებოდა?! გამოვლილი მაქვს 90-იანი წლები და იცით, რა მოხდა? ქართველები ერთმანეთს ვხოცავდით. იცით, რა საშინელებაა? 7 ნოემბრის მონაწილე ვარ. 200 ათასი ადამიანი რუსთაველზე გამოდიოდა, ერთი ფოთოლი არ ჩამოვარდნილა. ვინც ძალადობას იყენებდა, მაშინდელი ხელისუფლება იყო. პოლიცია მათი დავალებით მოქალაქეთა მანქანებს ამტვრევდნენ, მოქალაქეებს სახლებში დასდევდნენ. შედარებას ვაკეთებ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, ახალგაზრდებზე, რომლებიც აქციას მართავენ უმრავლესობის არც ერთ წევრს აუგი არ უთქვამს.
„ახალგაზრდებს მივმართავ, ვინც გამოდის და თავის პოზიციას გულწრფელად გამოხატავს, მომავალი მათ ეკუთვნით. შოთა დიღმელაშვილს მივმართავ, ბევრ რამეში ჩვენი აზრები ემთხვევა, სახელმწიფო როგორ უნდა იყოს მოწყობილი. ახალგაზრდებს სოლიდარობას ვუცხადებთ. რაც შეეხება გახარიას, პოლიციამ საზოგადოება სისხლისღვრას გადაარჩინა. აქ მოხდებოდა სისხლისღვრა. ვცახცახებდი, სისხლისღვრას გადავრჩით. გახარია პარლამენტში მოვა და დეტალურად მოყვება, ვინ იყო პასუხისმგებელი. სამადაშვილი, ბოკუჩავა და რომან გოცირიძე აქ თავისი აქტივით, მომღიმარი სახეებით ელოდებოდნენ, რომ სცენარი იყო, უნდა შემოვარდნილიყვნენ, როგორც 2003 წელს და პარლამენტი დაემხოთ. ეს არ განახორციელა და ხელი შეუშალა გახარიამ. „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა გაემიჯნონ, რომელმაც გაბედა, შტურმით აღება მოინდომა და შეცდომაში შეიყვანა ჩვენი ახალგაზრდები. ამას ვიდრე არ გავემიჯნებით, რომელი პოლიციელი გაეკიდა მანამდე რომელიმე მოქალაქეს? რამდენი პოლიცია დაზარალდა? გიორგი გახარიამ ბევრი ახალგაზრდა სისხლისღვრას გადაარჩინა. აქ უბედურება დატრიალდებოდა. ადამიანები დაიხოცებოდნენ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.