მიხეილ ყაველაშვილი - ფარული ჩანაწერების გავრცელება არის მიზანმიმართული პროცესი, რათა ხელისუფლებაში დასაბრუნებლად საკუთარ სამშობლოს ავნონ
ეს არის მიზანმიმართული პროცესი, რომ ავნონ საკუთარ სამშობლოს, რათა ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს ფაბრიკაცია საზოგადოებას არ წაადგება, ეს არის მავნებლური გზა, ერთმანეთთან დაპირისპირების. ეს საიდან მოდის? – საზოგადოებას ნუ გაახსენებენ იმას, რაც დავიწყებული იყო. ამომიტივტივდა ის საზიზღრობა, რაც მაშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ხდებოდა. ცდილობდნენ, ყველა ადამიანზე ჩანაწერი ჰქონოდათ. გაიხსენეთ, ყოველ კვირაში მსგავს ჩანაწერებს აკეთებდნენ. ყველა ადამიანზე ჩანაწერების გამოქვეყნება ხდებოდა. გვეგონა, ეს საშინელება დავამთავრეთ და დავინახეთ, რომ ორკესტრირებული იყო. მამუკა ხაზარაძისგან ძალიან გამიკვირდა, რომ დიალოგში მონაწილეობას არ მიიღებენ. თუ ამაზე აქვს აქცენტი გამახვილებული, ხომ არ იცის, რა არის და როგორ არის? ყველაფერი გამოეცალათ ხელიდან და რაღაც ჩანაწერებზე აქვთ აქცენტი. რა გამოძიება, ხალხო? – ევროკავშირი, ამერიკა, ეუთო/ოდირი ყველა აღიარებს, რომ არჩევნები იყო შესაბამისი, კონკურენტუნარიანი, თავისუფალი და გაყალბებაზე არავინ საუბრობს. გამარჯვებული პარტია ვართ, რომელსაც მილიონამდე ადამიანმა ხმა მისცა. ეს თემები ვერ ააგორეს, ადამიანი ციხეში ძალით ჩაჯდა, რომ მსოფლიო სკანდალი გამოეწვია იმისთვის, ნახეთ, როგორ დევნიან მოწინააღმდეგესო. ყველაფერი ხელმოცარულია და ახლა ჩანაწერებზე საუბარი დაიწყეს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, „საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, რომ ეს სიკეთეს არ მოგვიტანს“.
„რა გამოძიება, სისულელეა. რაზე უნდა დაინტერესდეს? – რა შესაძლო დანაშაულის ნიშნები იკვეთება? როდინდელ ჩანაწერზეა საუბარი? – როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ ხელისუფლების მთელი სტრუქტურა ჩართული იყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში. იცით, როგორ გააშუქეს? – თურმე, გირგვლიანი სვანური დაჯგუფების წევრი იყო, ვიდრე სიმართლე არ გავიგეთ. უნდოდათ, ეს საკითხი ასე გამოეტანათ. ეს თემა პრეზიდენტამდე მივიდა და ამ პროცესში მთელი სტრუქტურა იყო ჩართული. იგივე ადამიანები დღეს გეგმავენ ასეთ ჩანაწერს და ამათ როგორ უნდა დავუჯეროთ? ერთი დევნილი ან ახალგაზრდა დამისახელეთ, ნაწამები ან მოკლული ჩვენი ხელისუფლების დროს. მაჩვენეთ, ერთი. ვერ დამისახელებთ, ვერც ერთ ფაქტს. ვინ არის თორნიკე ქარჩხავა? აქამდე, ჩანაწერამდე სად იყო? გამოძიება კი არ უნდა დაიწყოს, ეს არის მიზანმიმართული პროცესი, რომ ავნონ საკუთარ სამშობლოს, რათა ხელისუფლებაში დაბრუნდნენ“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.