მიხეილ ყაველაშვილი - ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, კი გაქვთ მართლმსაჯულება და სასამართლო, მაგრამ მერე რა, „დაიკიდეთ“, ყველაფერს ხაზი გადაუსვითო
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუცია არის შეურაცხმყოფელი, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყველაშვილმა განაცხადა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ამ რეზოლუციაში საუბარი არ არის კანონის უზენაესობაზე, მართლმსაჯულებასა და სამართლიანობაზე.
„ევროპარლამენტარები მოგვიწოდებენ, კი გაქვთ მართლმსაჯულება და სასამართლო, მაგრამ მერე რა, „დაიკიდეთ“, კანონის უზენაესობა „დაიკიდეთ“, ყველაფერს ხაზი გადაუსვით, გინდათ, სტატუსი მიიღოთ? მაშინ კუბილიუსის სიტყვებს გამოვიყენებ, „ჩვენი წესებით ითამაშეთ“. ახლა რა ვქნათ ქართულმა საზოგადოებამ, თუ განსხვავებულად ვფიქრობთ და ევროკავშირს განსხვავებულად ვხედავთ და იმ ღირებულებებს, რისთვისაც მთელი ქვეყანა მივილტვით, ეს ევროკავშირი არ არის. ევროპარლამენტის 577 წევრი ევროპული ღირებულებები არ არის. თუ ეს ევროპული ღირებულებებია და ამ თამაშის წესებს გვთავაზობენ, უგულებელვყოთ და თვალები დავხუჭოთ კანონის უზენაესობაზე, სამართალზე, მართლმსაჯულებაზე, ადამიანის უფლებესა და სამართლიანობაზე, რა გამოდის? არჩევანის წინაშე აყენებენ, გინდათ, გახდეთ ევროკავშირის წევრები, მაშინ გახდით მონები, ყველაფერს ხაზი გადაუსვით და გააკეთეთ ის, რასაც გეუბნებით.
ჩვენმა უფროსმა თაობამ იმისთვის იბრძოლა, რომ მსგავსი რეალობები საქართველოში აღარ ყოფილიყო. ეს იყო საბჭოთა კავშირი და პოლიტბიურო, ასეთი დაკვეთები, ასეთი დაშინებები და საზოგადოების ასეთი დამონება ხდებოდა სწორედ ასეთი ძალით, ყოველგვარი კანონისა და სამართლიანობის მიღმა. მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება 10 ევროპარლამენტარი თუ 1000 ევროპარლამენტარი, სიმართლე ერთია. საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელ მხარეს უნდა დგომა. ღირსება დათმოს და გახდეს მონა? მსგავსი გადაწყვეტილება, რომ შენ გახდი მონა და დაემორჩილე ჩვენი თამაშის წესებს, რადგან ჩვენ ასე გვინდა, იქ არაფერია. იმედი ვიქონიოთ, საღი აზრი გაიმარჯვებს. ბიძინა ივანიშვილს თავად სწერენ და ბიძინა ივანიშვილით უნდათ, რომ დააშანტაჟონ საქართველო და ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა.