მიხეილ ყაველაშვილი - ძალებმა, რომლებიც თითქოს გაერთიანდნენ, არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა ვერ გადაწყვიტეს, ესეც გარედან ნაკარნახევი თემაა
ძალებმა, რომლებიც თითქოს გაერთიანდნენ და შეიძლება ორი ან სამი ცენტრის შექმნა უნდათ, ერთიანობა, არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა ვერ გადაწყვიტეს. ესეც გარედან ნაკარნახევი თემაა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
ყაველაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების მოგებას შანტაჟით ცდილობენ.
„ყველაზე გაბედული ვართ „ხალხის ძალა“ და ყოველთვის სიმართლეს ვამბობთ. სხვათა შორის, წინასწარ ვივარაუდეთ, როგორ განვითარდებოდა პროცესები და, პრინციპში, ისე ვითარდება. ძალებმა, რომლებიც თითქოს გაერთიანდნენ და შეიძლება ორი ან სამი ცენტრის შექმნა უნდათ, ერთიანობა, ერთიანი სიით გასვლა ვერ გადაწყვიტეს. ესეც გარედან ნაკარნახევი თემაა. კანონთან მიმართებით დღევანდელი პოლიტიკოსების განცხადება, თუნდაც ბორელის განცხადება, ეს ყველაფერი ემსახურება საქართველოს ხელისუფლების დაკნინებას არჩევნებთან დაკავშირებით. შანტაჟს უფრო ემსახურება ის, რომ თავად კანონზე კი არ საუბრობენ, ამბობენ, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება და ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირთან დაკავშირებას. ეს კარგი მასალაა საქართველოს მოქალაქეების, ხელისუფლების წევრების დაშანტაჟებისთვის. ამას შანტაჟის სახე აქვს. პოლიტიკოსები აღარც მალავენ – ჩვენ იმიტომ კი არ უნდა გავიმარჯვოთო, რომ საქართველოს მოქალაქეებს შევუქმნათ უკეთესი მომავალი, უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობები, უკეთესი ჯანდაცვის, განათლების სისტემა, ამის ნაცვლად, ამბობენ, ეს ხელისუფლება უნდა დავამარცხოთ, რადგან ხომ ხედავთ, ევროკავშირის წარმომადგენლები რას საუბრობენ, ესენი ევროკავშირში ვერ შეგვიყვანენ, აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, ამას გვეუბნებიან ჩვენი ევროპელი კოლეგებიო. ასე აქვთ წარმოდგენილი, ამიტომ უნდა დამარცხდეს „ქართული ოცნება“ და არა იმის გამო, რომ ისინი „ქართულ ოცნებაზე“ ძლიერი და ხალხისთვის მისაღები ადამიანები არიან. ამისთვის იქმნება ე.წ. ხელოვნური ერთობები. არჩევნების მოგებას ცდილობენ შანტაჟის გამოყენებით. ამ ადამიანებს ვამხელთ, რომ ცხოვრობენ არა ქართველი ხალხის მოთხოვნით, არამედ დამოკიდებული არიან გარე დაკვეთებზე. ამის მაგალითებია იქ ჩასვლა, ერთობის წარმოჩენა, იგივე იყო გვარამიას გამოყვანა, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა, სალომე ზურაბიშვილის ვოიაჟები და კონსტიტუციის დარღვევა. ეს ნიშნავს, რომ გარე დამკვეთებთან შეთანხმებული, წინასწარ დაგეგმილი პროცესია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „გირჩი – მეტმა თავისუფლებამ“, „ახალმა“, „ლელომ“, „დროამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ბრიუსელში ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.