მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრი ნებისმიერ არაკანონიერ ქმედებაზე, რადგან უკან დასახევი გზა არავის აქვს, არავინ აღარავის მოეფერება, აქ არის სახელმწიფოებრივი თემა
მიხეილ ყაველაშვილი - ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრი ნებისმიერ არაკანონიერ ქმედებაზე, რადგან უკან დასახევი გზა არავის აქვს, არავინ აღარავის მოეფერება, აქ არის სახელმწიფოებრივი თემა

ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრი ნებისმიერ არაკანონიერ ქმედებაზე, რადგან უკან დასახევი გზა არავის აქვს, არავინ აღარავის მოეფერება, აქ არის სახელმწიფოებრივი თემა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ყაველაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი ბრიფინგის შესახებ ისაუბრა, რომელმაც არჩევნები არალეგიტიმურად ცნო და მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდა. ყაველაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს საზოგადოება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს.

მისივე განცხადებით, ნებისმიერ გადაცდომაზე, არაკანონიერ ქმედებაზე მკაცრი რეაგირება ექნებათ.

„სალომე ზურაბიშვილის ქმედება თეთრი ძაფით ნაკერია, სად მიჰყავს – სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. დღეს არალეგიტიმურად გამოაცხადა არჩევნებიც, თავისთავად ხელისუფლებაც არალეგიტიმურად ცხადდება. თავად თქვა კიდევაც, რომ მე სალომე ზურაბიშვილი კი არ ვარ, მე ვარ ინსტიტუცია, დაირქვა უკვე სახელი, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციაა. რა თქვა – მსოფლიოს უნდა გავაგონოთ, რომ ჩვენ ვართ დღეს საქართველო, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები და მოუწოდა ყველას, რომ დავიწყოთ თითქოს მშვიდობიანი აქცია. საქართველოს ხელისუფლებასაც მოვუწოდებ, ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრი – არავინ არავის აღარ მოეფერება, აქ არის სახელმწიფოებრივი თემა – ნებისმიერ გადაცდომაზე, არაკანონიერ ქმედებაზე, იმიტომ, რომ უკან დასახევი გზა არავის აქვს. ჩვენ სამოქალაქო ომიც გამოვლილი გვაქვს, ურთიერთდაპირისპირება, და შესწავლილი გვაქვს, იმიტომ ვერ მიაღწიეს ვერაფერს. საქართველოს საზოგადოება მომზადებულია, მაგრამ ფხიზლად უნდა ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში გავიმარჯვეთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის“ ეთერში.