30 დეკემბერს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის, „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება 2022“ ფარგლებში, დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ცერემონიას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წლევანდელ ღონისძიებაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ კატეგორიებში: ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილი – ნინო მაჩაიძე (ოპერის მომღერალი, იტალია); მეცნიერებაში შეტანილი წვლილი – ზურაბ გუგუჩია (შვეიცარია); სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილი – თემურ ბაბლუანი (კინორეჟისორი, საფრანგეთი); ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილი – სულხან იდოიძე (ესპანეთი) და სალომე გორგილაძე (პორტუგალია); წლის წარმატებული სპორტსმენი – გიორგი მამარდაშვილი (ესპანეთი); საქართველოს უცხოელი მეგობარი; სპეციალური პრიზი – კონსტანტინე ციციშვილი (პოლონეთი).
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნომინაცია „საქართველოს უცხოელი მეგობარი“, რომელშიც ირლანდიისა და იაპონიის წარმომადგენლებმა, კინგლსი თომას აიკინსმა და ტაკიჰიდე ჰარადამ გაიმარჯვეს. უცხოელმა სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მათთვის საქართველოსა და ქართული კულტურის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ქვეყნები ნელ-ნელა აცნობიერებენ რამდენად მნიშვნელოვანია, გყავდეს ძლიერი დიასპორა. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი დღეა საქართველოსთვის, რადგან ეს არის აღიარება იმ უდიდესი პოტენციალის, რომელიც ქვეყანას დიასპორის სახით გააჩნია. მთავრობა უკვე მუშაობს ამ პოტენციალის რეალიზების მიმართულებით, მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ გასაკეთებელია. ტექნოლოგიები, კომუნიკაციის საშუალებები დიასპორასთან მუდმივი კონტაქტის შესაძლებლობას გვაძლევს. დიასპორა ეროვნული სიმდიდრეა. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც გაუთავებელი არეულობა და რყევებია. ყველა ქვეყანას, და მით უმეტეს, პატარა ქვეყნებს სჭირდებათ მეგობრები. გყავდეს დიასპორა ნიშნავს, გყავდეს მეგობრები მთელს მსოფლიოში“, – განაცხადა კინგლსი აიკინსმა.
„უკვე 44 წელია, იაპონიაში ვმუშაობ იმისთვის, რომ იაპონელებს გავაცნო ქართული კულტურა და საქართველო. აღფრთოვანებული ვარ ამ ჯილდოს მიღებით. ვფიქრობ, ეს ჯილდო მიმანიშნებს, რომ კიდევ დიდხანს გავაგრძელო ეს საქმიანობა. მე დღეს მივიღე ჯილდო „საქართველოს უცხოელი მეგობარი“, – აღნიშნა ტაკიჰიდე ჰარადამ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მიზანია, გამოავლინოს და წარმოაჩინოს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, რომლებმაც ადგილსამყოფელ ქვეყანაში მიაღწიეს პროფესიულ წარმატებას და ამასთან, წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაციაში.
გამარჯვებულ ნომინანტებს გადაეცემათ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეგროვებული და გადარჩენილი საგანძურის ერთ-ერთი ექსპონატის, ანტიკური ხანის ქართული ოქრომჭედლობისა და საქართველოს მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშის, მოოქროვილი ფირფიტის ასლი.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის კამერეტა, მგალობელთა გუნდი, ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლები – „საქართველო“ (ნიდერლანდების სამეფო), „ჯორჯიან ფოლკსი“ „თამარიონნი“ (პარიზი), „კავკასია“ (ათენი), ბავშვთა ანსამბლი „ვაზი“ (ბარსელონა), „ჩვენ დავბრუნდებით“ (ანტვერპენი) და ფოლკლორული საბავშვო ანსამბლი „პატრიარქის ნათლულები“.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.