თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი ექსპერიმენტული პროექტის პრემიერისთვის ემზადება
თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი ექსპერიმენტული პროექტის პრემიერისთვის ემზადება

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი ექსპერიმენტული პროექტის პრემიერისთვის ემზადება. რეჟისორი ზურაბ გეწაძე სპექტაკლისთვის ახალ სივრცეს ირჩევს. ერთი საათით თეატრალურ სცენად, თბილისის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერი იქცევა.

სპექტაკლი სახელწოდებით „სანამ ერთმანეთს გავიცნობდით“-კინომსახიობთა თეატრის და თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის ITI GEORGIAN CENTER ერთობლივი ნამუშევარია .

პროექტი ხორციელდება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის თეატრალური პროგრამის ფარგლებში და მოგვითხრობს საკუთარ თავთან წარმოქმნილ დილემაზე.

პიესა დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილს ეკუთვნის. მთავარი პერსონაჟები, ნინო და გია ცდილობენ გაიხსენონ როდის გაიცნეს ერთმანეთი და არ უნდათ აღიარონ, რომ ერთმანეთის სახელები  იციან, რომ დიდი ხანია ცოლ-ქმარი არიან. ისინი ამ გზით სიყვარულის გადარჩენას ცდილობენ. ორ ადამიანს მონოტონური ყოფიდან გაქცევა უნდა. მათ ხელახლა უნდა იპოვონ საკუთარ თავში სიყვარულისა და ერთგულების ძალა.

სპექტაკლში მსახიობები ნინო ბურდული, გოგა პიპინაშვილი მონაწილეობენ.  მხატვრობა შოთა გლურჯიძეს ეკუთვნის, მუსიკალური გაფორმება კი ერეკლე გეწაძეს.

საპრემიერო ჩვენებები 21, 22, 23 ივნისს გაიმართება.