მიხეილ სარჯველაძე - პოლარიზების საფრთხე დასაფიქრებელია, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში გვყავს ისეთი პოლიტიკური ძალა, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“
პოლარიზების საფრთხე რასაკვირველია, დასაფიქრებელია. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში გვყავს ისეთი პოლიტიკური ძალა, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
როგორც სარჯველაძე ამბობს, სენატორებისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიუხედავად, არ ფიქრობენ, რომ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება მცდარია.
„მგონია, რომ ამ განცხადების მიუხედავად, ეს არ ნიშნავს და არ მეტყველებს იმაზე, რომ გუშინ „ქართული ოცნების“ მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება არასწორი ან მცდარია. ამ შემთხვევაში საფრთხე ერთია, მეტი პოლარიზების შემოტანა ქართულ საზოგადოებაში და ქართულ პოლიტიკაში, რაც ხელს უშლის დემოკრატიული პროცესების განვითარებას, რომლის ერთგულიც სწორედ „ქართული ოცნება“ გახლავთ. იმ ღირებულებების ერთგული, რომელიც ამ შემთხვევაში, გვაერთიანებს მთლიანად ევროპასთან და დასავლურ ცივილიზაციასთან. პოლიტიკა ვერ იქნება სწორ კალაპოტში, როდესაც პოლარიზაციის ამხელა ხარისხს ვხედავთ, რაც არსებობდა, არსებობს და სამომავლოდაც თვალი უჭირავს „ნაციონალურ მოძრაობას“ სწორედ ამგვარად პროცესების განვითარებაზე. ჩავთვალეთ, რომ ეს პირიქით, მეტი რისკის მატარებელი შეიძლება ყოფილიყო დემოკრატიისთვის, როდესაც ჩვენ მივიღებდით კონფრონტაციის უზარმაზარ ხარისხსს. თავიდან ბოლომდე იმ დესტრუქციული ქმედებების შედეგად და დამოკიდებულები გამო, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავლენს.
განცდა რომ მქონდეს, ეს გადაწყვეტილება რაიმე ფორმით მიზნად ისახავს ევროპულ ან დასავლეთ-ევროპულ ორბიტაზე ჩამოცილებას, ასეთ შემთხვევაში, ნამდვილად არ იქნებოდა ჩემი ადგილი ამ პოლიტიკურ მსოფლმხედველობაზე. შესაბამისად, ჩემი დამოკიდებულება განსხვავებული იქნებოდა. პირიქით მგონია, რომ ყველაზე მეტად სწორედ იმ ღირებულებების ერთგულებამ განაპირობა გადაწყვეტილება მიშელის დოკუმენტის დატოვებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.