მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა
მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, საბჭო ბევრ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს და მიესალმება მისი მუშაობის შედეგებს.

საბჭომ განიხილა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი სამი კლინიკური შემთხვევა და სხვა საკითხები, რაც ექიმების სერტიფიცირებას და უწყვეტი განათლების საკითხებს შეეხება.

პროფესიული განვითარების საბჭო ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. განიხილავს პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/ არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს.

პროფესიული განვითარების საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები. ასევე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაალ მიქელაძე. საბჭო გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებს.

პროფესიული განვითარების საბჭო, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, პირველად შეიკრიბა.