მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ქუთაისში დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება და 1040 ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცემა
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ქუთაისში დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება და 1040 ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცემა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ქუთაისში დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება და 1040 ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცემა.

როგორც სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს გამოქვეყნდება წინასწარი მონაცემები ოჯახების სარეიტინგო ქულების შესახებ.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, პროცესში დაინტერესებულ ყველა პირს ექნება შესაძლებლობა, 15 სამუშაო დღის განმავლობაში წარადგინოს ინფორმაცია, რომელიც დამუშავდება და საბოლოო შეფასება გაკეთდება.

„როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, ჩვენი სამინისტროს, კერძოდ, სსიპ „დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ მიერ ხორციელდება მნიშვნელოვანი პროგრამა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველსაყოფად. ქუთაისში მიმდინარეობს აღნიშნული ოჯახების მორიგი ნაწილისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, რომელიც ფინალურ ეტაპს უახლოვდება. უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში დასრულდება და ჩვენ შეგვეძლება, 1040 ოჯახს გადავცეთ საცხოვრებელი ბინა.

გათვალისწინებულია ერთ, ორ და სამოთახიანი ბინები, რომლებიც განაწილდება ოჯახის სულადობის მიხედვით. აქვე, მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომლის ხელმძღვანელობითაც ხორციელდება ერთ-ერთი ასეთი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში აქტიურად იმუშავა ბინის მიღების კანდიდატი ოჯახების წარმოდგენილი განაცხადების წინასწარი შეფასების მოსამზადებლად. სულ 5 706 განაცხადი შემოვიდა, რომელთაგან, წინასწარი მონაცემებით, შემდგომ განხილვას ექვემდებარება 3 905 ოჯახის განაცხადი. კანონმდებლობის თანახმად, ახლა ვიმყოფებით იმ ეტაპზე, როდესაც უნდა განხორციელდეს ოჯახების წინასწარი შეფასების შედეგად დაფიქსირებული სარეიტინგო ქულების გამოქვეყნება, მათი შემდგომი დამუშავების, განხილვისა და შემოწმების მიზნით. დღეს სამინისტროსა და სააგენტოს ვებგვერდებზე გამოქვეყნდება აღნიშნული ოჯახებისთვის მინიჭებული ქულების შესახებ ინფორმაცია და დაიწყება კანონმდებლობით განსაზღვრული დეტალური მუშაობა საბოლოო შედეგების ჩამოყალიბებისთვის. ამ პროცესში ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, დღევანდელი დღიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში წარადგინოს ინფორმაცია, რომელსაც დაამუშავებს სააგენტო, გაივლის კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა პროცედურას და შედეგად ჩამოყალიბდება საბოლოო ჩამონათვალი იმ ოჯახებისა, რომელთაც მიენიჭება პრიორიტეტი მათი საჭიროებების სიმწვავის, ასევე ოჯახის წევრთა სიმრავლის მიხედვით.

მინდა, ვთხოვო ყველა დაინტერესებულ პირს, რომ „დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“ მიაწოდონ ის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა მინიჭებული ქულა მოითხოვდეს დაზუსტებას და შემდგომ გადახედვას. ამ გზით სააგენტო შეძლებს, მაქსიმალურად ზუსტ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილებები, სწორად განსაზღვროს პრიორიტეტები და დააზუსტოს, ვის რამდენად მწვავე საჭიროება აქვს საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის.

ამავდროულად, მინდა, ყველამ გაითვალისწინოთ, რომ გამოქვეყნებული მონაცემები არის წინასწარი შეფასების შედეგად და ეს არ არის საბოლოო შეფასება. ის, რაც დღეს გამოქვეყნდება, შესაძლოა, ამ პროცედურების შედეგად მოგვიანებით დაზუსტებას დაექვემდებაროს, ამას მუშაობის შედეგები გვაჩვენებს. ყველას ვთხოვ, წინასწარი დათვლებისა და პროგნოზების გაკეთებისგან თავი შეიკავოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს არ არის ერთიანი სია. ბინების ზომების გათვალისწინებით, ოჯახების სულადობის მიხედვით განისაზღვრება და ჩამოყალიბდება საბოლოო გადაწყვეტილებები. აქვე გათვალისწინებული იქნება განსახლების წინა ეტაპზე დაუკმაყოფილებელი ოჯახებიც, რომელთაც კანონმდებლობით ანდა სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად აქვთ მინიჭებული პრიორიტეტი. ზემოთ აღნიშნული საუბარი შეეხება ქუთაისს. სხვა რეგიონებსა და ქალაქებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით იმავე პროგრამის ფარგლებში საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას, რომელიც ასევე მაქსიმალურად სწრაფი ტემპით განხორციელდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.