მიხეილ სარჯველაძეს მიაჩნია, რომ 5-6 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს
მიხეილ სარჯველაძეს მიაჩნია, რომ 5-6 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს მიაჩნია, რომ 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს.

როგორც საქართველოს პირველ არხს სარჯველაძემ განუცხადა, 5 ივლისის მოვლენებზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს და „დამატებითი ასპარეზების შექმნა საჭირო არ არის“.

„დამატებითი ასპარეზების შექმნა გარკვეულ საკითხებზე საჭირო არ არის, რადგან უკვე მიმდინარე სამართალგამოძიება გვაქვს. კომისიის შექმნის საჭიროებას ნამდვილად ვერ ვხედავ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით ბიუროს სხდომას დღეს დადგენილების პროექტი წარედგინება. კომისიის შექმნას „რეფორმების ჯგუფი“ ითხოვს. დადგენილების პროექტში ნათქვამია, რომ კომისიის მუშაობის მიზნად უნდა განისაზღვროს 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების, კერძოდ, მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების უხეში დარღვევა; მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობა, თავდასხმა. ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებზე, მედიასაშუალებებზე სავარაუდო კიბერშეტევები და სავარაუდო ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების ქმედებების შესაძლო კავშირი რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც იყენებს ჰიბრიდული ომის ტაქტიკას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. რეგლამენტის მიხედვით, კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, მისი უფლებამოსილების ვადა – სამი თვით განისაზღვრება.