მიხეილ სარჯველაძემ თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილი ოჯახებისთვის ახალი კორპუსების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილი ოჯახებისთვის ახალი კორპუსების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის 11 კორპუსში 2400 დევნილი ოჯახი სრულად გარემონტებულ ბინებს 2025 წლის ბოლომდე, ეტაპობრივად მიიღებს. ამ დროისთვის, მშენებლობა დასრულებულია და შიდა სარემონტო სამუშაოები დაწყებულია სამ კორპუსში. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გარე ინფრასტრუქტურის – სკვერების, ბავშვთა გასართობი და სპორტული მოედნების კეთილმოწყობაც.
იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ახალი კორპუსების მშენებლობა ერთდროულად საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, ბორჯომში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელ ფართს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს.
დევნილთა საცხოვრებელ კომპლექსში მიმდინარე სამუშაოები მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა, ზურაბ უტიაშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ მოინახულეს.
ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.