მიხეილ სარჯველაძემ სექტორის წარმომადგენლებს გააცნო ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, მაღალხარჯიანი რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსების ზრდა იგეგმება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სექტორის წარმომადგენლებთან რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსებაში დაგეგმილი ცვლილებები განიხილა.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიხეილ სარჯველაძემ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და რეანიმატოლოგებს გააცნო ახალ ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, დაგეგმილია მაღალხარჯიანი რეანიმაციული შემთხვევების დაფინანსების ზრდა.
„პროგრამის საპილოტე ეტაპზე ინიციატივა ფილტვების შეშუპებისა და სუნთქვის უკმარისობის მართვას შეეხება, რაც რეანიმაციული შემთხვევების უმრავლესობას წარმოადგენს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, რეანიმაციაში ხანგრძლივი დაყოვნების მაღალხარჯიანი შემთხვევები, „დიარჯისთან“ ერთად, გამონაკლისის სახით, საწოლდღის მიხედვით დაფინანსდება. აქვე აღინიშნა, რომ რეანიმაციის შემდგომ სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტის გახანგრძლივებული მოვლისთვის სპეციალური განყოფილების შექმნაც იგეგმება. ცვლილებებზე სამინისტრომ დარგის ექსპერტებსა და სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმუშავა. ამასთან, აღნიშნული ინიციატივები ითვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილებას“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, დაგეგმილი სიახლეების მიზანი „დიარჯის“ დაფინანსების მოდელის სრულყოფაა, უშუალოდ ეს ცვლილებები კი დადებითად იმოქმედებს პაციენტების ინტერესებისა და უფლებების დაცვაზე, ასევე კლინიკების ეფექტურად საქმიანობაზე.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ახალი ინიციატივების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლელა სულაბერიძემ, შემდეგ კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრაზე, „დიარჯის“ ქვეყანაში იმპლემენტაცია წარმატებულ რეფორმად შეაფასა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა. სილვიუ დომენტეს განცხადებით, ამით მოქალაქეების ფინანსური დაცულობა და ჯანდაცვისა თუ ჰოსპიტალურ სექტორზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, თუმცა მნიშვნელოვანია „დიარჯი“ სისტემის მუდმივი მონიტორინგი და განახლება. როგორც აღინიშნა, სიახლის ამოქმედებისთანავე განხორციელდება აქტიური მონიტორინგი, შემდეგ კი, ეტაპობრივად, ყველა რეანიმაციულ შემთხვევაზე გავრცელდება.
„ქუთაისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარისა და აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკების ჯანდაცვის მინისტრები ნინო ნიჟარაძე და ლევან ჩაკვეტაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ვლადიმერ კახაძე და ზაალ მიქელაძე. ასევე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ლევან კიკნაველიძე და სხვა მოწვეული სტუმრები“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.