მიხეილ სარჯველაძე - ზოგიერთი ევროპარლამენტარის კრიტიკული მოსაზრებები იმდენად ტენდენციური, ხშირ შემთხვევაში, მცდარიც კია, რომ შეიძლება, მხედველობაში მისაღებიც არ იყოს
მიხეილ სარჯველაძე - ზოგიერთი ევროპარლამენტარის კრიტიკული მოსაზრებები იმდენად ტენდენციური, ხშირ შემთხვევაში, მცდარიც კია, რომ შეიძლება, მხედველობაში მისაღებიც არ იყოს

ათ საკითხთან დაკავშირებით საკამათოც არ არის, რომ ქვეყანას აქვს კონკრეტული რეფორმების სახით წინ გადადგმული ნაბიჯები. არის ცალკეული საკითხები, რომლებზეც მიიჩნევენ, რომ ბოლომდე არაა მიყვანილი. თითოეულ მათგანთან დაკავშირებით შეგვიძლია, ნებისმიერი სკეპტიკოსი დავარწმუნოთ, რომ, რეალურად, ამ მიმართულებით ყველაფერი გაკეთებულია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, დეპოლარიზაციის მიმართულებით სრულფასოვან შედეგს მხოლოდ ხელისუფლება ვერ მიაღწევდა, მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით კი საქართველო სამაგალითო სახელმწიფოდ უნდა ითვლებოდეს.

„ათ საკითხთან დაკავშირებით, მგონი, საკამათოც არ არის, რომ ქვეყანას აქვს კონკრეტული რეფორმების სახით წინ გადადგმული ნაბიჯები. არის ცალკეული საკითხები, რომლებზეც მიიჩნევენ, რომ სრულად არ არის ბოლომდე მიყვანილი. მაგალითად, შვიდ პუნქტთან დაკავშირებით, სადაც რეფორმები განხორციელდა. თითოეულ მათგანთან დაკავშირებით შეგვიძლია, გავმართოთ დისკუსია და ნებისმიერი სკეპტიკოსი დავარწმუნოთ, რომ, რეალურად, შვიდივე ამ მიმართულებით ყველაფერი გაკეთებულია. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ თუნდაც ამ დისკუსიისგან თავის შეკავებას ვაპირებთ და ასე შემდეგ. ყველაფერი გახსნილია და ნებისმიერ კონტრარგუმენტს მივიღებთ, თუ ამას ექნება არგუმენტაცია და დასაბუთება. რაც შეეხება დარჩენილ ორ საკითხს, მარტო ჩვენ ვერ დავდებთ დეპოლარიზაციის მიმართულებით სრულფასოვან რეზულტატს, რომ აბსოლუტურად დეპოლარიზებული და რადიკალიზაციისგან თავისუფალი იყოს გარემო, მაგრამ ასევე ფაქტი მგონია, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რაც მასზე შეიძლება ყოფილიყო დამოკიდებული, რათა დეპილარიზაცია შემდგარიყო. ვეცდებით, ამის თაობაზე დაინტერესებულ პირს სრული ინფორმაცია მივაწოდოთ.

რაც შეეხება მედიაპლურალიზმს – აქ მიკროფონების სიმრავლე და ამის მიღმა ის გარემოება, ფაქტი, რომ საქართველოში 100-ზე მეტი ტელეკომპანია მაუწყებლობს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმდენად მარტივია პროცედურები, მაგალითად, ახალი მედიასაშუალების გახსნისთვის, მისი ფუნქციონირებისთვის, საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ამ საკითხებს არეგულირებს, იმდენად მაღალი დონისაა, რომ არ მგონია, მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით საქართველო არამც თუ რაიმე შეფასებას არ იმსახურებდეს, არამედ ის არ ითვლებოდეს სამაგალითო სახელმწიფოდ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძის თქმით, რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით ირაკლი კობახიძემ დღეს ამომწურავად ისაუბრა.

„მივესალმები ასეთ ინიციატივას, რადგან ხშირას ადამიანებსაც უჭირთ ხოლმე გარკვევა, რატომ ღრმავდება პოლარიზაცია ან ვის მიუძღვის ამაში ბრალი უფრო მეტად და ასე შემდეგ. ასეთ ფონზე, რასაკვირველია, კარგი იქნება, კვლავ აღქმების პიარულად შეფასება კი არ ხდებოდეს, ფაქტებზე დაფუძნებით მიმდინარეობდეს მსჯელობა“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

გარდა ამისა, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები ხშირად იმდენად ტენდენციური, დაუსაბუთებელი და არაკორექტულია, რომ მხედველობაში მისაღებიც კი არ შეიძლება იყოს.

„ცალკეული კრიტიკული მოსაზრებები, რომლებიც გამოითქმება ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან, რომლებიც, სხვათა შორის, შემჩნეულები არიან არცთუ კორექტულ თანამშრომლობაში საქართველოში არსებულ რამდენიმე პოლიტიკურ ოპოზიციურ ჯგუფთან, მათი განცხადებები იმდენად ტენდენციური, დაუსაბუთებელი და ხშირ შემთხვევაში, არაკორექტული, მცდარიც კია, შეგვიძლია, მარტივად გავაკეთოთ დასკვნა, რომ მხედველობაში მისაღებიც კი შეიძლება არ იყოს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს, მაგალითად, მხარდაჭერა „მოლოტივის კოქტეილის“ პოლიციელებისთვის სროლისა, ცოცხალი ადამიანებისთვის სროლისა და დამთავრებული თუნდაც იმ გარემოებით, რომ ევროპარლამენტის ერთმა ჯგუფმა აიყოლია საკმაოდ დიდი ნაწილი ევროპარლამენტისა, შეიყვანეს შეცდომაში მაშინ, როდესაც, მაგალითად, ბატონი კეზერაშვილის სტატუსი განიხილებოდა, როგორც დევნილი მედიამენეჯერისა, თუნდაც სააკაშვილთან დაკავშირებული ამბები. ფაქტია, მათ შორის, სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რომ ევროპარლამენტმა, რბილად რომ ვთქვათ, ნაჩქარევი დასკვნები გააკეთა და ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო რეზოლუციის მხარდაჭერისას. ასეთ დროს, რასაკვირველია, ასეთ პირთა სანდოობა და დამაჯერებლობა სულ უფრო იკლებს. საბედნიეროდ, ცალკეული ადამიანების განცხადებები არ შეიძლება გაიგივდეს მთლიანად ევროკავშირის პოზიციასთან. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი განსხვავებული, მცდარი აზრები მხედველობაში არ იქნება მიღებული“, – განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს.