მიხეილ სარჯველაძე - ყველამ უნდა დავუშვათ, რომ ოდესღაც შეიძლება, აღარ ვიყოთ ხელისუფლებაში, არ მგონია, 2024 წლისთვის უცვლელი იყოს პოლიტიკური პლატფორმა
დაშვებით, რასაკვირველია, ყველამ უნდა დავუშვათ, ვინც ხელისუფლებაში ვართ, რომ ოდესღაც შეიძლება აღარ ვიყოთ ხელისუფლებაში. ეს ბუნებრივი დაშვებაა და არავის აქვს პრეტენზია, რომ მუდმივი იქნება ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ კახა კუჭავას განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება ის პარტია, რომელთანაც „ქართული ოცნება“ ითანამშრომლებს.
„დაშვება იმისა, რომ შეიძლება მოხდეს ისე, რომ არჩევნების შემდეგ 2024 წელს არსებობდეს კოალიციური მთავრობის შექმნის საჭიროება – ეს ერთია, მეორეა, როდესაც ვაკეთებთ განცხადებას იმის თაობაზე, რომ მოსალოდნელ არჩევნებში მოსალოდნელია, რომ მივიღებთ უპირატესობას. ეს ურთიერთთავსებადი განცხადებები არ არის. ამჟამინდელ პოლიტიკურ სპექტრზე ამ შეფასების გაკეთება გამიჭირდება, მით უმეტეს, რომ ახლა მოცემულობა არ არის ისეთი, რომელიც გვავალდებულებს, გინდა თუ არა, შერჩეული გვყავდეს 2024 წლისთვის. არ მგონია, 2024 წლისთვის უცვლელი იყოს პოლიტიკური პლატფორმა, იმ დროისთვის ისეთი იყოს, როგორიც დღეს გვაქვს. აქედან გამომდინარე, არ მგონია საჭირო იყოს წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიციების ქონა. გვაქვს წითელი ხაზები და მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება ის პარტია, რომელთანაც „ქართული ოცნება“ ითანამშრომლებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.