მიხეილ სარჯველაძე - ყველა სახელმწიფოს უწევს საკუთარ ინტერესზე პრაგმატულად ფიქრი, უკრაინის მიმართ რაც უნდა სოლიდარულები იყვნენ, ვერავინ გაწირავს მოსახლეობას
რუსეთთან ევროპის ვაჭრობის მონაცემებია, რასაც ვამბობთ, რომ ყველა სახელმწიფოს უწევს საკუთარ ინტერესზე პრაგმატულად ფიქრი, რაც უნდა სოლიდარულები იყვნენ, ვერავინ გაწირავს საკუთარ მოსახლეობას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ვიზუალ კეპიტალსის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე კომენტირებისას განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, ახლა გამოქვეყნებული მონაცემები არ არის გასაკვირი, ახალი ამბავი და ამაზე დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ.
ამასთან, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ორმაგი სტანდარტით მიდგომა დამახასიათებელი გახდა ოპოზიციისა და მათი ევროპელი გულშემატკივრებისთვის.
„ამაზე ჩვენც ვსაუბრობდით დიდი ხნის განმავლობაში, როდესაც ვადარებდით საქართველოს ვაჭრობის მასშტაბებს ევროკავშირის ვაჭრობასთან. შეუდარებლად სხვადასხვა მასშტაბია. საქართველოს მთელი წლის ნავაჭრი უტოლდება დაახლოებით ევროკავშირის ერთი დღის ნავაჭრს რუსეთის ფედერაციასთან, სანქციებთან მიერთების მიუხედავად. ვაჭრობასაც თავისი სპეციფიკა აქვს, ვიღაც ყიდულობს, ვიღაც ყიდის. ამ სპეციფიკის გათვალისწინებით არის, რომ საქართველო სანქციების დაწესებას ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეძლებდა. რუსეთთან ევროპის ვაჭრობა არის ის, რასაც ვამბობთ, რომ ყველა სახელმწიფოს უწევს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ ინტერესზე პრაგმატულად ფიქრი. ეს არის მნიშვნელოვანი. რაც არ უნდა სოლიდარობის გრძნობით იყვნენ აღვსილნი უკრაინის მიმართ, ვერავინ გაწირავს საკუთარ მოსახლეობას, ქვეყნის პრიორიტეტულ ინტერესს და აქედან გამომდინარე ეს არსებობს.
ვიღაცას თვალში ეჩხირება, მაგალითად, საქართველოს ტურიზმში რუსი ტურისტების ჩართულობა და აქაური ფრენები მაშინ, როდესაც ევროპაში იგივე რუსეთის მოქალაქეები სრულიად თავისუფლად, გაცილებით მეტი რეისით, მათ შორის, სტამბულის გავლით მოგზაურობენ ევროპაში. ეს ორმაგი სტანდარტით მიდგომა დამახასიათებელი გახდა ჩვენი ქვეყნის ოპოზიციისა და მათი გულშემატკივრებისთვის, თუნდაც ევროპელი გულშემატკივრებისთვის. საზოგადოება ყველაფერს კარგად ხვდება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
„ვიზუალ კეპიტალსის“ მონაცემების თანახმად, რუსული წიაღისეული საწვავის ექსპორტით პირველ სამეულში ჩინეთი, ევროკავშირის ქვეყნები და ინდოეთი არიან. 2023 წლის 16 მარტის მონაცემებით, სიაში პირველ ადგილზე არის ჩინეთი, რომელმაც რუსეთიდან 30 მილიარდი დოლარის ღირებულების საწვავის იმპორტი განახორციელა. მეორე ადგილზე არიან ევროკავშირის ქვეყნები, რომლებმაც რუსეთიდან 18,4 მილიარდი დოლარის ღირებულების წიაღისეული საწვავის იმპორტი განახორციელეს. მესამე საფეხურზეა ინდოეთი, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ რუსეთიდან იმპორტირებული წიაღისეული საწვავის რაოდენობა 10-ჯერ გაზარდა.