მიხეილ სარჯველაძე - ყველა ხვდება, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება მის პარტიაში კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული, როგორც ჩანს, გადაწყვეტილია მელიას გასვლა და ის შეეცადა, წიხლიც მიეყოლებინა
როგორც ჩანს, გადაწყვეტილია პარტიიდან ნიკა მელიას გასვლა და შეეცადა, წიხლიც მიეყოლებინა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
კერძოდ, მიხეილ სააკშვილმა სასამართლო პროცესზე დღეს განაცხადა: „პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ, ყველამ თქვენი გზა იპოვეთ. ეს კბენები და რაღაცები უნდა დასრულდეს“.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, სააკაშვილს რომ პრინციპი ამოძრავებდეს, ამ განცხადებას ადრე გააკეთებდა და არა ახლა, როცა პრაქტიკულად გამავალ დერეფანშია მელია.
„მგონი, ყველა ხვდება, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება მის პარტიაში კარგი ცხოვრებით არ არის განპირობებული. ხვდება, რომ დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია. როგორც ჩანს, გადაწყვეტილია პარტიიდან მელიას გასვლა და შეეცადა, წიხლიც მიეყოლებინა. დიდი ხანია, მათ პარტიაში ერთმანეთის ლანძღვა-გინება, დასუსტება მიმდინარეობს და მას რომ პრინციპი ამოძრავებდეს, ამ განცხადებას ადრე გააკეთებდა და არა ახლა, როცა პრაქტიკულად გამავალ დერეფანშია მელია. როგორც ჩანს, მისი განცხადება ამით არის განპირობებული. ადამიანმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა – და მან ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო – სჯობს, ისაუბროს თავის ახალ სამშობლოზე, რომლის მოქალაქეა და არა – საქართველოზე. მისი მხრიდან პასუხისმგებლობის აღება რას ნიშნავს, ეს უკვე ვნახეთ 2003-2012 წლებში. შესაბამისად, არ მგონია, ქართველი ხალხი მზად იყოს, იმ უბედურებას გაუძლოს, რაც ამ ქვეყანაში მისი მმართველობის დროს ტრიალებდა. როგორც ჩანს, მას საკუთარი დამოკიდებულებები დღემდე არ შეუცვლია. ვინ აიღოს პასუხისმგებლობა და ვინ – არა, ამას არჩევნებზე ქართველი ხალხი წყვეტს და არა – სააკაშვილი“, – განაცხადა სარჯველაძემ.