მიხეილ სარჯველაძე - წინასაარჩევნო პერიოდში რიგგარეშე სხდომის მოწვევა მიზნად ისახავს არა რაიმე ჭეშმარიტების დადგენას, არამედ ეს იქნება მხოლოდ სიმწვავის ხელოვნურად გაზრდა
წინასაარჩევნო პერიოდში, ჩანაწერებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევა მიზნად ისახავს არა საგნობრივი განხილვის და რაიმე ჭეშმარიტების დადგენას, არამედ ეს იქნება მხოლოდ სიმწვავის ხელოვნურად გაზრდა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
როგორც სარჯველაძემ განაცხადა, ასეთ პირობებში სხდომის გამართვა ლოგიკური და გამართლებული არ არის.
„ფარული ჩანაწერების საკითხის სიმწვავის მიუხედავად, მეტი სიმწვავის ხელოვნურად შექმნისთვის არავითარი საჭიროება არ არის. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ამ თემაზე რიგგარეშე სხდომის მოწვევა მიზნად ისახავს არა საგნობრივი განხილვის და რაიმე ჭეშმარიტების დადგენას, არამედ ეს იქნება მხოლოდ სიმწვავის ხელოვნურად გაზრდა. არ მგონია, რომ ასეთ პირობებში ლოგიკური და გამართლებული იყოს სხდომის გამართვა. ეს არ ნიშნავს, რომ მიმდინარე პროცესებს არ უნდა დავაკვირდეთ და ინფორმაცია არ უნდა გვქონდეს. რა უნდა შევისწავლოთ სხდომაზე გარდა იმისა, რომ მწვავე გამოსვლები იქნება, რისი შესაძლებლობაც ასე თუ ისე ყველას აქვს. ცოტა გაცვდა სიტყვათა წყობა – პოლიტიკური შოუ, მაგრამ სწორედ ამის მოწყობის მცდელობაა სხდომის ჩატარება ამ თემაზე.
რაც შეეხება ნიკა მელიას განცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ სხდომის ჩატარება ლოგიკურად არ მიმაჩნია, ნიკა მელიას არგუმენტები არ არის სწორი, თუმცა ეს იმას ადასტურებს, რომ ნიკა მელია იმ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, რომლისთვისაც მათ პოლიტიკაში საკუთარი ადგილი არ გააჩნიათ, თუ არ არიან ხელისუფლებაში და არ ძალადობენ ადამიანებზე. ეს არის პრობლემა, რომელიც უკვე აშკარაა. ისინი ვერ ხვდებიან, ზოგადად რაში მდგომარეობს ოპოზიციის როლი საპარლამენტო ცხოვრებაში. ამიტომ საუბრობენ მცდარი არგუმენტებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „გირჩმა“, „მოქალაქეებმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ განაცხადეს, რომ ხელი მოაწერეს „ლელოს“ ინიციატივას გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე. ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, ამ თემაზე ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგის დროს უკვე გააკეთა განცხადება, რომელიც ნიშნავს, რომ პარტია „საქართველოსთვის“ აღნიშნულ ინიციატივას მხარს დაუჭერს.