მიხეილ სარჯველაძე - წინა ხელისუფლებამ, ერთი მხრივ, ვერ შეძლო, თავიდან აერიდებინა კონფლიქტი, მეორე მხრივ, ვერ შეძლო, სწორად დაეგეგმა ქმედებები
წინა ხელისუფლებამ, ერთი მხრივ, ვერ შეძლო, თავიდან აერიდებინა კონფლიქტი, მეორე მხრივ, ვერ შეძლო, სწორად დაეგეგმა ქმედებები, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ 2008 წელს კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების მიერ ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შეცდომაა.
„ქართული საზოგადოებისთვის ალბათ არაფერი ახალი არ არის იმ ზოგად შთაბეჭდილებაში, რომელიც ამ თვალსაზრისით არსებობს. საზოგადოება კარგად ხვდება, რომ იმხანად ხელისუფლებას არავითარი კონკრეტული სისტემა არ ჰქონია, რომლის მეშვეობითაც შეძლებდა, სრულფასოვნად წარემართა სამხედრო ოპერაცია, შესაბამისად, სწორად დაეგეგმა და განეხორციელებინა. პერიოდულად, დამატებითი მტკიცებულებები ჩნდება ხოლმე და, ბუნებრივია, მუდმივად დამალული ვერ იქნება, მთელი სიცხადით გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. მეტ ინფორმაციას ვიგებთ იმის შესახებ, რომ, რეალურად, ხელისუფლებას არავითარი რესურსი არ ჰქონდა, რომ სწორად დაეგეგმა და განეხორციელებინა სამხედრო ოპერაციები, ეს ფაქტია. შესაბამისად, ესეც იყო განმაპირობებელი და აორმაგებს იმ დანაშაულებრივ ქცევას, რომელიც იმხანად ხელისუფლებამ დაუშვა ამ კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომების კრებულიდან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე. ერთი მხრივ, ვერ შეძლო, თავიდან აერიდებინა კონფლიქტი, მეორე მხრივ, ვერ შეძლო, სწორად დაეგეგმა ქმედებები, რათა წინააღმდეგობა ყოფილიყო უფრო ეფექტიანი, ვიდრე რეალურად იყო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.