მიხეილ სარჯველაძე - წარმოუდგენელია, ოპოზიციასთან შეთანხმების ხაზი იმაზე გადიოდეს, რაც ამომრჩევლის ნების ხელმეორედ გარკვევას გულისხმობს
უშუალოდ დეტალებსა და პირობებზე, რომლებიც შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ მახარებს ის ფაქტი, რომ ბოლო დღეებში ოპოზიციის მხრიდანაც გაისმის იმედისმომცემი განცხადებები, რომ ისინი იმედიანად არიან განწყობილნი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სასურველი იქნებოდა, რომ მოლაპარაკებები დასრულდეს შედეგიანად, თუმცა წარმოუდგენელია, იმაზე გადიოდეს შეთანხმების ხაზი, რაც ამომრჩევლის ნების ხელმეორედ გარკვევას გულისხმობს.
„არ შეიძლება ერთხელ ჩატარებული არჩევნების გადახედვა, რევიზია, ხელმეორედ ჩატარება და ხელმეორედ კითხვა, რა არის მათი არჩევანი, როდესაც ეს ერთხელ უკვე გაკეთებულია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, განსახილველი უფრო სხვა საკითხები უნდა იყოს, რათა ვიპოვოთ თემები, რომლებთან დაკავშირებითაც საერთო კონსენსუსი შეიძლება ვნახოთ. ამ წუთას არ შემიძლია დავასახელო კონკრეტული თემა, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება მიღწეული იყოს შეთანხმება, იმდენად, რამდენადაც ნებისმიერი თემაზე შეთანხმება უპირატესად დამოკიდებულია წინადადების შინაარსზე. არ შეგვიძლია ზოგადად ვთქვათ, რომ მართლმსაჯულების რეფორმა ან საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა იყოს, ან არ შეიძლება იყოს შეთანხმების საგანი, ყველაფერი დამოკიდებულია წინადადების შინაარსზე. არც ერთ შემთხვევაში არ იქნება გამართლებული პროცესი იყოს ცალმხრივი ან ერთმა მხარემ ულტიმატუმი დააყენოს, ან გნებავთ, შანტაჟის პირობა და შემდეგ მეორე მხარე ვალდებული იყოს, ამას დათანხმდეს. აქ მნიშვნელოვანია, შევთანხმდეთ ღირებულებების სისტემაზე და ამ სისტემის მიხედვით გავარკვიოთ, რა არის ჭეშმარიტება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.