მიხეილ სარჯველაძე - ვფიქრობთ, ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური იმართება, გამარჯვების რეალური შანსი გვაქვს
მეორე ტურის მიმართ ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რადგან ვვარაუდობთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური იმართება, გამარჯვების რეალური შანსი გვაქვს და ვფიქრობ, ასეც იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამაზე არაერთი ფაქტორი მიუთითებს.
„ამაზე მიუთითებს ყველა ფაქტორი, რომლის მიხედვითაც შეიძლება, შესაძლებლობები და პერსპექტივები გაიზომოს. შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ ოცივე საარჩევნო ოლქში გამარჯვების რეზულტატი იქნება“, – განაცხდა სარჯველაძემ.
როგორც სარჯველაძე ამბობს, მეორე ტურის შემდეგ შესაძლოა, ოპოზიციის მხრიდან დსტრუქციის მცდელობა იყოს, თუმცა ეს არჩევნების ლეგიტიმურობას, ქვეყნის განვითარებას საფრთხეს ვერ შეუქმნის.
„რაც შეეხება მეორე ტურის შემდეგ მოლოდინებს, იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მხრიდან დიდია სურვილი დესტაბილიზაციის შემოტანის, როცა რეალური მხარდაჭერა არ აქვთ, ამ ფონზე, შეიძლება მცდელობები ვიხილოთ გარკვეული აჟიოტაჟის და დესტრუქციული ქმედებების შემოტანის, მაგრამ ამის მიუხედავად, რეალურად, ეს არჩევნების ლეგიტიმურობას, ქვეყნის განვითარებას ვერანაირ საფრთხეს ვერ შეუქმნის. პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე ცხადად გამოჩნდა კახი კალაძის გამარჯვების გარდაუვალობა. თბილისში ყველაზე მეტად პერსპექტიულია „ქართული ოცნების“ კანდიდატის გამარჯვება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.