მიხეილ სარჯველაძე - ვფიქრობ, არასწორია განცხადებები, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი დემოკრატიისთვის ხელის შემშლელია, კარგი იქნება, ევროპელ კოლეგებს ზუსტი ინფორმაცია მიეწოდოთ
„ხალხის ძალის“ მიერ თავდაპირველად ინიცირებული იყო მსგავსი შინაარსის შედარებით შემსუბუქებული კანონპროექტი, შემდეგ დაინიცირდა ის მოდელი, რომელიც არის, პრაქტიკულად, აშშ-ში მოქმედი კანონის პირდაპირი თარგმანი, ამის მიზეზია ის ინსინუაციები, რომელიც მოჰყვა პირველად ინიცირებულ კანონპროექტს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ხალხის ძალა“ დადანაშაულებული იყო, რომ კანონპროექტის პირველი ვერსია იყო რუსული კანონის მსგავსი.
„ყველას ექნება შესაძლებლობა, არჩევანი გააკეთოს, რომელს და რას დაუჭიროს მხარი, როგორი პოზიციები ჩამოიყალიბოს. ესეც, როგორც ჩანს, არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი. რაც შეეხება შინაარსს და როგორი იქნება მხარდაჭერა „ქართული ოცნებისა“, ამას გვაჩვენებს მოვლენების განვითარება და დისკუსიები, რომლებიც წარიმართება კანონპროექტთან დაკავშირებით. გვექნება დისკუსია და დისკუსიის შედეგად ჩამოყალიბებული პოზიციებიც“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძე.
ამასთან, სარჯველაძის თქმით, არასწორია განცხადებები, თითქოს „ხალხის ძალის“ კანონპროექტი დემოკრატიისთვის ხელის შემშლელია და კარგი იქნება, ევროპელ კოლეგებს ინიციატივის შესახებ ზუსტი ინფორმაცია მიეწოდოთ.
„ბორელის გამოხმაურებას რაც შეეხება, არ ვიცი, რას ეყრდნობა, რამდენად გაეცნო უშუალოდ ტექსტს, შინაარსს, რამდენად აქვს მიღებული მხედველობაში ის გარემოება, რომ, მაგალითად, ინიცირებული მეორე კანონპროექტი არის აბსოლუტური თარგმანი, ზუსტი შესატყვისი იმისა, რაც მოქმედებს აშშ-ში. რაც შეეხება პირველად ინიცირებულს, ის უფრო შემსუბუქებულია. ამის ფონზე განცხადებები, რომ ეს არის დემოკრატიისთვის ხელის შემშლელი, ვფიქრობ, მართებული არ არის. ალბათ კარგი იქნება, გაგრძელდეს კონსულტაციები, მათ შორის ევროპელ კოლეგებთან და მიეწოდოთ ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, რა ინიციატივაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ამავდროულად, სარჯველაძე ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია, რაღაც ფორმით შეცდომაში შეიყვანონ მოსახლეობა.
„აქ ძალიან ნიშანდობლივი და სახასიათო იყო ქალბატონი ხატია დეკანოიძის პოსტი მეორე კანონპროექტთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, მან მოიპოვა ეს საკანონმდებლო ინიციატივა საიდანღაც და წაკითხული აქვს, რადგან თვითონ პოსტის შინაარსი ამას მეტყველებს. ეს ადასტურებს ჩვენი ოპოზიციის დამოკიდებულებას საკითხებისადმი, მათ აქვთ, უბრალოდ, წინასწარ განსაზღვრული კლიშეები. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ფორმით შეცდომაში შეიყვანონ ამომრჩეველი და მოსახლეობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.