მიხეილ სარჯველაძე - „ვეტინგთან“ დაკავშირებით შემოთავაზებულია ისეთი ფორმა, რომელიც გულისხმობს მოსამართლეების თანამდებობაზე განმწესების რევიზიას, ეს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია
„ვეტინგთან“ დაკავშირებით შემოთავაზებულია ისეთი ფორმა, რომელიც გულისხმობს არა მოსამართლეების შემოწმებას, არამედ მათი თანამდებობაზე განმწესების რევიზიას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, ეს წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან.
„„ვეტინგი“ სულ რამდენიმე ქვეყანაში არსებობს, სადაც მდგომარეობა ფასდებოდა, როგორც კატასტროფა, სხვათა შორის, განსხვავებით ჩვენი სახელმწიფოსგან, სადაც ვითარება ისეთი დრამატული არ არის, როგორც იმ სახელმწიფოებში. ამ ქვეყნებში, საქართველოს მსგავსად, სასამართლოს ოთხი რეფორმა რომ ჩატარებულიყო, მათ „ვეტინგი“არ დასჭირდებოდათ. მიმაჩნია, რომ არაკონსტიტუციური მეთოდია შემოთავაზებული. იუსტიციის საბჭო იმისთვის იქმნება, რომ თავად გადაწყვიტონ, ვინ იმსახურებს სასამართლო კორპუსში ყოფნას და ვინ – არა. ეს აუცილებელია, რათა სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი იყოს. კატეგორიულად მიუღებელია, წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან, როცა შეთავაზებაა, რომ ამაზე იმსჯელოს არა იუსტიციის საბჭომ, არამედ სხვა ვინმემ. სასამართლო ხელისუფლებაში რომელიმე კონკრეტული სუბიექტი მოგვწონს თუ არა, ეს იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ უნაკლო მოსამართლეც კი დაექვემდებაროს პოლიტიკური პირების მიერ არჩეულის შეფასებას.
„ვეტინგი“ არის პროცესი, როცა თანამდებობაზე განწესებისთვის მომზადებული ადამიანების შემოწმება ხდება. სხვა სახელმწიფოებისგან განსხვავებით, საქართველოში ისეთი სისტემა გვაქვს, რაც მოსამართლეებს 360 გრადუსით ამოწმებს. შემოთავაზებულია ისეთი ფორმა, რომელიც გულისხმობს არა მოსამართლეების შემოწმებას, არამედ მათი თანამდებობაზე განმწესების რევიზიას, რაც წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.