მიხეილ სარჯველაძე - ვერ გავიზიარებ კრიტიკას, რაც პრეზიდენტის მხრიდან მოვისმინეთ, ამის არავითარი საფუძველი არ აქვს
არ მგონია, მისი პოზიცია სწორია. პრეზიდენტის მხრიდან რაც მოვისმინეთ, არის მცდელობა, მისი მხრიდან დანახული მოვლენების სუბიექტური აღქმით უფრო მაღლა დადგეს, ვიდრე სამართალია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, ეს კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოსთვის.
„ასეთი ხედვა მიღებულია, როცა სამართალზე მაღლა შეიძლება პოლიტიკური მიზანშეწონილობა დააყენო. ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ კრიტიკას, რაც პრეზიდენტის მხრიდან მოვისმინეთ. ამის არავითარი საფუძველი არ აქვს. არც ერთი სამართლებრივი სახელმწიფოს თანამდებობის პირი თავს უფლებას არ უნდა აძლევდეს, მსგავსი განცხადებები აკეთოს, როცა სამართლის მიმართ უპატივცემულოები არიან. უპატივცემულობა იმაში გამოიხატება, როცა ცდილობ, სუბიექტური აღქმები უფრო პრიორიტეტულად წარმოაჩინო, ვიდრე სამართლის მოთხოვნები“, – განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყველამ უნდა დაამთავროს ქვეყნის მომავლით სპეკულირება და თამაში, აიღოს პასუხისმგებლობა და შეწყვიტოს ქვეყნის სახის დაზიანება.