მიხეილ სარჯველაძე - ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობდა, რომ ეს იყო კარგი კანონი, შესაბამისად, უკრაინას მის აღსრულებაზე მუშაობა უნდა დაეწყო, ასეთ დროს როგორ შეიძლება, საქართველოსთან მიმართებაში მოსაზრება იყოს განსხვავებული
ოპოზიცია როდესაც ხელისუფლებას იმის გამო აკრიტიკებს, რაც მიღებულია 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, ეს არასწორი და უარგუმენტოა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კანონის ამოქმედების თარიღი ზუსტად ისეა განსაზღვრული, რომ ყველასთვის იქნება შესაძლებლობა, პოზიციებში სიცხადე შეიტანონ და ამ საკითხზე იყოს საერთო კონსენსუსი.
„ვიდრე რეკომენდაციები გაჩნდებოდა, მანამდეც ვსაუბრობდით, რომ დეოლიგარქიზაციაზე ოპოზიციის განცხადებები არ იყო მართებული და მათთვის შეიძლება, არახელსაყრელი აღმოჩენილიყო. ეს ყველაფერი ახდა და ახლა, როცა ფაქტის წინაშე აღმოჩდნენ, მათ ესაჭიროებათ, რომ ამასაც დაუპირისპირდნენ. პრაქტიკულად, უკრაინას იმავე შინაარსის კანონპროექტი ჰქონდა მიღებული.
ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობდა, რომ ეს იყო კარგი კანონი, შესაბამისად, უკრაინას მუშაობა მის აღსრულებაზე უნდა დაეწყო. ასეთ დროს როგორ შეიძლება, ეს მოსაზრება საქართველოსთან მიმართებაში იყოს განსხვავებული, ეს გასაგები არ არის. კანონის ამოქმედების თარიღი ზუსტად ისეა განსაზღვრული, რომ ყველასთვის იქნება შესაძლებლობა, პოზიციებში სიცხადე შეიტანონ და ამ საკითხზე იყოს საერთო კონსენსუსი. მაშინ, როცა თავად ოპოზიციამ არ იცის, რა უნდა და თვითმიზანი აქვთ, რაიმე კრიტიკული თქვან, ასეთ ფონზე კონსენსუსის მიღწევა ჭირს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.