მიხეილ სარჯველაძე - უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული არიან ძალები, რომელთაც სურთ, ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში ცეცხლის წამკიდებლის როლი ითამაშონ
მიხეილ სარჯველაძე - უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული არიან ძალები, რომელთაც სურთ, ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში ცეცხლის წამკიდებლის როლი ითამაშონ

იმდენად აბსურდული და დაუსაბუთებელია სანქციების თაობაზე გადაწყვეტილება, რომ ამის სერიოზულად აღქმა შეუძლებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ უკრაინის მხრიდან საქართველოს ოთხი მოქალაქისთვის სანქციების დაწესების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა,

როგორც მან აღნიშნა, აშკარაა, რომ უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათებული არიან ცალკეული ადამიანები და ცალკეული პოლიტიკური ძალები, რომელთაც დიდი სურვილი აქვთ, რომ რამენაირად ცეცხლის წამკიდებლის როლი ითამაშონ ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში.

„უკრაინელი ხალხის მიმართ გულიტკივილი მაქვს, რომლებიც ძალიან ხშირად არიან მსხვერპლი დიდ შეცდომებში შეყვანის თვალსაზრისით. იმდენად აბსურდული და დაუსაბუთებელია სანქციების თაობაზე გადაწყვეტილება, რომ სიმართლე გითხრათ, მაინც და მაინც ამის სერიოზულად აღქმა შეუძლებელია. ეს შეიძლება იყოს დიდი მცდელობა საიმისოდ, რომ დააშანტაჟონ საქართველოს ხელისუფლება ან საქართველოში ცალკეული პირები, რომ საქართველოში დატრიალდეს მსგავსი უბედურება, რაც ტრიალებს უკრაინაში. ეს არ არის საქართველოს ინტერესში და მინდა, უკრაინელი ხალხის გასაგონად ვთქვა, რომ ეს არ დაეხმარება უკრაინელი ხალხის ყოფას. უკრაინელ ხალხს გაჩანაგებული, გაუბედურებული და ომგამოვლილი საქართველო მეგობრად ნამდვილად არ სჭირდება. უკრაინას ფეხზე მდგომი საქართველო სჭირდება, რომელიც რეალურად მეგობარი სახელმწიფოა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, საქართველოს ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესდა.