მიხეილ სარჯველაძე - უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ოპოზიციისთვის დეკორაცია გახდა, ხელისუფლებას მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, თუმცა ვერ ამბობენ, რა უნდა იყოს მეტი მხარდაჭერა
უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ოპოზიციისთვის დეკორაცია გახდა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ დღეს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აქციის 24 თებერვალს დაგეგმვა მათი განწყობების დადასტურებაა.
ამასთან, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ისინი ცდილობენ, ვითარება ისე წარმოაჩინონ, თითქოს საქართველოს ხელისუფლება რაიმეს აკლებს უკრაინის მხარდაჭერას, რაც არ არის სწორი.
„აქცია როცა 24 თებერვალს დაგეგმეს, ნათელი დადასტურებაა, მათი რეალური განწყობების. იმ ფონზე, როცა საზოგადოების მხრიდან არ აქვთ ოპოზიციური პოზიციების მხარდაჭერა, ცდილობენ, საზოგადოებაში არსებული სხვა ტიპის განწყობები გამოიყენონ ვიწრო პარტიული მიზნებისთვის. საკუთარ სამსახურში ჩააყენონ ის დამოკიდებულება, რომელიც ქართველ ხალხს უკრაინელი ხალხის მიმართ აქვს. მანკიერებაა, როცა იგრძნობა, რომ ადამიანები ცდილობენ, მათ მხარეს არარსებული კეთილგანწყობები გამოიყენონ და საკუთარ სამსახურში ჩააყენონ, რაც არის მიტაცება არანამდვილი განწყობების. ისინი ცდილობენ, ვითარება ისე წარმოაჩინონ, თითქოს საქართველოს ხელისუფლება რაიმეს აკლებს უკრაინის მხარდაჭერას. ეს არ არის სწორი და არაერთხელ გამოჩნდა არა მხოლოდ ჰუმანიტარული მხარდაჭერით, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე ყველა მხრივ მხარდაჭერით. თავის დროზე ბევრმა სახელმწიფომ ვერ გაბედა, ხელი მოეწერა და ინიციატორი ყოფილიყო ჰააგაში განაცხადის წარდგენის, თუმცა საქართველო იქ იყო. ქვეყანა ასობით რეზოლუციას შეუერთდა და იყო ინიციატორი. ოპოზიციისთვის დეკორაცია გახდა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა. ცდილობენ, რაღაცნაირად დააკნინონ ხელისუფლების პოზიციები. საუბრობენ არგუმენტების გარეშე და ხელისუფლებას მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, თუმცა ვერ ამბობენ, რა უნდა იყოს მეტი მხარდაჭერა“, – განაცხადა სარჯველაძემ.