მიხეილ სარჯველაძე - უკრაინაში გარდაცვლილების სულებისთვის პატივის მიგება იქნება, თუ შევძლებთ და ქვეყანას ომში ჩათრევას ავარიდებთ
მინდა გამოვხატო სატკივარი, სამძიმარი უკრაინაში გარდაცვლილების ოჯახებისა და ახლობლების მიმართ, ეს უმძიმესი ტრაგედიაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მათი ოპონენტების მხრიდან არის მცდელობები, რომ ეს ტრაგედია საკუთარი პოლიტიკური განზრახვებისთვის გამოიყენონ.
„ძალიან მძიმე და დიდი ტკივილია ჩვენი ქვეყნისთვის თითოეული შვილის გარდაცვალება, ძნელია, სიტყვებით გამოხატო. მაგრამ არ შემიძლია, ასევე არ გამოვეხმაურო ჩვენი ოპონენტების მცდელობებს, რომ რაღაცნაირად ეს ტრაგედიები შეფუთონ ისე, რომ პოლიტიკური განზრახვებისთვის ძალიან ცუდად და არასწორად გამოიყენონ. არასწორად იმიტომ, რომ აშკარად ჩანს ემოციებით თამაში. მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი ეს ემსგავსება მეორე ტალღას მცდელობებისა ამ ქვეყნის რაღაცნაირად ომის მხარედ ქცევის, რაც ძალიან ცუდი საყურებელია.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გლოვა და სამძიმრის გამოხატვა არ არის ისეთი რამ, რასაც ფორმალიზება სჭირდება. გადმოსვენებაში დახმარება იქნება, სამხედრო პატივით დაკრძალვა თუ ვინ როდის და რამდენჯერ მოვიხსენიებთ ლოცვებში გარდაცვლილების სულებს, ეს ის არ არის, რისი გაზომვითაც უნდა ვიყოთ დაკავებული. ეს არ არის საკადრისი საქციელი, მაგრამ პასუხი კი უნდა გაეცეს იმ მცდელობებს, რომ რაღაცნაირად პოლიტიკური ამბავი შეიქმნას ამასთან დაკავშირებით და ვინმემ ქულები დაიწეროს ამ უმძიმეს ტრაგედიებზე.
ქულები დაიწეროს იმიტომ ვამბობ, რომ ყველა ხვდება, როდესაც მოხალისეებზეა ლაპარაკი, იმ ზესახელმწიფოების ხელმძღვანელებიც, რომლებიც იარაღით ეხმარებიან უკრაინას, აქვთ ამის ფუფუნება, განსხვავებით საქართველოსგან – სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ყველა პლატფორმაზე, სადაც კი შესაძლებელია, ყველგან მხარში დავუდგეთ უკრაინას – აი, ამ სახელმწიფოების ხელმძღვანელებიც კი თავშეკავებულები არიან, როდესაც საქმე მოხალისეების უკრაინაში ბრძოლას ეხება. ვერ და არ აკეთებენ ამას, რადგან ეს არის აბსოლუტურად რაციონალურად სწორი, საღი გადაწყვეტილება და დამოკიდებულება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
დეპუტატის განცხადებით, უკრაინაში გარდაცვლილების სულებისთვის პატივის მიგება იქნება, თუ ქვეყანას ომში ჩათრევას აარიდებენ.
„უბრალოდ წარმოუდგენელია, მოითხოვო დღეს საქართველოში ფორმალიზება იმისა, რომ რაღაცნაირად საქართველო იქცეს ამ შეიარაღებული კონფლიქტის და ამ ამბის ნაწილად, მხარედ. არა, ეს არ იქნება. გარდაცვლილების სულებისთვის პატივის მიგება იქნება, თუკი ჩვენ შევძლებთ და ამ ქვეყანას ომში ჩათრევას ავარიდებთ. ამ ქვეყანაში მშვიდობის დაცვას თუკი მოვახერხებთ, ეს იქნება, რა თქმა უნდა, დაფასება იმ ადამიანების ხსოვნისა, რომელ ადამიანებსაც დღეს საქართველო დასტირის“,- აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.